ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში მარნეულის 5 სკოლა გადავიდა
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალში მარნეულის ხუთი სკოლა გადავიდა. პირველ ადგილზე გავიდა მარნეულიდან რომან ზოიძის სახელობის შულავერის N1 საჯარო სკოლის ეკო კლუბი „გამონათება“.  როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში სამოქალაქო კლუბ „თემიდა“- ს და ეკო კლუბ „გამონათება“-ს ხელმძღვანელი, დალი კეკელიძე ამბობს, მათთვის ქვემო ქართლის მასშტაბით პირველ ადგილზე გასვლა ფინალში მოხვედრის ალბათობაა და იმედოვნებს, რომ საპრიზო ადგილს დაიკავებენ. პედაგოგის თქმით, პროექტში
ჩართვის დღიდან არაერთი აქტივობა ჩაატარეს გარემოსდაცვითი მიმართულებით. მათ ამ პერიოდში 4740 „ნერგი“ (ქულა) დააგროვეს.

„ ჩვენი გუნდი გარემოსდაცვითი საქმიანობებითა და ხარისხიანი განათლებით ზრუნავს არამარტო სასკოლო საზოგადოების, არამედ თემის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით სამოქალაქო აქტივიზმისა თუ გარემოსდაცვითი ღირებულებების ასამაღლებლად. უფრო მეტიც, ჩვენ პროექტ „ჩემი სუფთა სოფლის“ ფარგლებში გავედით 7 სოფელში და ვატარებდით საინფორმაციო შეხვედრებს ახალგაზრდებთან და მათთან ერთად დასუფთავებისა თუ გამწვანების აქციებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ვიყოთ კონკურსის ჯერ ნახევარფინალისტები, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი მიღწევები, გამოცდილება გავუზიაროთ სხვებსაც. ასევე გვინდოდა, შრომაც და მონდომებაც დაფასებოდათ მოსწავლეებს, თუნდაც მოტივაციისთვის. რაღა დაგიმალოთ და გვინდა ფინალისტობაც, ბედნიერები ვიქნებით, თუ საპრიზო ადგილზეც გავალთ და ისევ ჩვენი სკოლისა და თემის გარემოს დაცვისთვის გამოვიყენებთ საპრიზო თანხას.“ - ამბობს დალი კეკელიძე.

კონკურსის მეორე ადგილზეა მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო და ეკო კლუბი - ჩვენი მომავლისთვის. ეკო კლუბელებმა 4170 „ნერგი“ დააგროვეს, რაც ქვემო ქართლის მასშტაბით მეორე შედეგია. პედაგოგი და ამავე კლუბის მეურვე, თემურ სუყაშვილი იმედოვნებს, რომ ფინალშიც გადავლენ.

„ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის ბაზაზე სამოქალაქო კლუბი 2017 წლიდან ფუნქციონირებს. კლუბური საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ყოველთვის წარმოადგენდა გარემოსდაცვითი აქტივობები. ნიკო კეცხოველის პრემიას რამდენიმე წელია თვალს ვადევნებ. კოლეგა მასწავლებლებისგან ვიცოდი, თუ როგორ უწყობდა ხელს აღნიშნული კონკურსი მდგრადი განვითარების პრინციპების სკოლის ბაზაზე (ლოკალურ დონეზე) დანერგვა. გასულ წელს ჩემი ორი მეგობრის, კოლეგის სკოლა გახდა გამარჯვებული. სწორედ ეს გახდა დამატებითი მოტივაციის წყარო, რომ მარნეულის მე-2 სკოლის ბაზაზე არსებულ კლუბს დამატებოდა ცალკე ეკო კლუბის კომპონენტი და მიგვეღო მონაწილეობა მიმდინარე კონკურსში. ჩვენმა ეკო კლუბელებმა მდგრადი განვითარების მიღწევაზე ორიენტირებული 175 აქტივობა ატვირთეს. შედეგად 4170 ქულას მოვუყარეთ თავი. მთელი სკოლა ჩაერთო მდგრადი განვითარების მიღწევაზე ორიენტირებულ აქტივობებში. ამ პერიოდში ხელი შევუწყვეთ რესურსების მეორად გამოყენებას, სკოლაში გავხსენით ახალი სივრცეები, მოვაწყვეთ ეკო ლაშქრობები, დავასუფთავეთ მდინარე ალგეთის ხეობა და ა.შ.ნიკო კეცხოველის პრემიაში ჩართვამ გვაჩვენა, რომ დედამიწისთვის მოფრთხილება, რესურსების დაზოგვა, ეკომეგობრული აქტივობები სულაც არ ყოფილა მიუღწევადი. ახლა ჩვენ გველოდება ნახევარფინალი, სადაც ეკო კლუბელები, ჟიურის წინაშე, წარდგებიან პრეზენტაციით და მოუყვებიან გაწეული საქმიანობის შესახებ.“
- ამბობს თემურ სუყაშვილი.

გარდა აღნიშნული სკოლებისა, კონკურსის ნახევარფინალში მარნეულიდან არის სოფელ მარადისის საჯარო სკოლა, კასუმლოს საჯარო სკოლა და არაფლოს საჯარო სკოლა.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში -ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად. კონკურსში ჩართული პირები თავად ხდებიან მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილე.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123