დღეს, 20 სექტემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე ჟურნალისტებთან,
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და აქტივისტებთან
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. რადიო „მარნეულთან“
საუბრისას ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ხატია ღოღობერიძემ
განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანი ქარტიის საქმიანობის შესახებ
ინფორმაციის გაცნობაა.
„ასევე, შეხვედრის მიზანია მიმოვიხილოთ კონკრეტული
საკითხები, თუ როგორ შეიძლება გააშუქოს ეთიკურმა მედიამ სხვადასხვა
თემა ეთიკურად. იქნება ეს ბავშვთა უფლებები, იქნება ეს ტრაგედიების
გაშუქება, რაც ბოლო პერიოდში მოხდა და ა.შ. ეთიკის ქარტია არის
თვითრეგულირებაზე დაფუძნებული ორგანიზაცია რაც ნიშნვავს, რომ ჩვენ,
ჟურნალისტები ვამბობთ, რომ ვართ კეთილსინდისიერი და ვიღებთ
პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ მასალებში დავიცავთ ეთიკის პრინციპებს.
შესაბამისად, იმისათვის რომ გაძლიერდეს სტანდარტების დაცვა, ძალიან
მნიშვნელოვანია რომ გაძლიერდეს მოქალაქეების ჩართვა. თითოეულ
მოქალაქეს შეუძლია მოგვმართოს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ და თუ
მიიჩნევს ის რომ დაირღვა რომელიმე პრინციპი თერთმეტი პრინციპიდან უნდა
დაასაბუთოს ამ პრინციპის დარღვევა და თუ პრინციპი დარღვეულია ქარტია
იტყვის ამის შესახებ. მოქალქეების ჩართულობა საბოლოოდ, იმედი გვაქვს,
რომ გაზრდის ჟურნალისტების ეთიკურობასაც“. - განაცხადა
ხატია ღოღობერიძემ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საინფორმაციო ხასიათის
შეხვედრებს სხვადასხვა რეგიონში მართავს. გასულ კვირას ქარტიის
წარმომადგენლები გორში ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლებს შეხვდნენ. შემდეგი შეხვედრა კი ბოლნისში
გაიმართება.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და დამსწრეებს ჰქონდათ
შესაძლებლობა განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები.
ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, მინშვნელოვანია
საქართველოს ყველა რეგიონში მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია ქარტიის
სტანდარტებისა და ეთიკური გაშუქების შესახებ.
რადიო "მარნეული"