მარნეულის მუნიციპალიტეტში „ჯავახიშვილობა“ წელსაც აღინიშნება.
მარნეულის მერიამ „ჯავახიშვილობა 2023“ აღსანიშნავად ტენდერი 19
სექტემბერს გამოაცხადა. სატენდერო წინადადების მიხედვით,
„ჯავახიშვილობა 2023“ სოფელ წერაქვში ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში
გაიმართება.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილებაში განუცხადეს, რომ ღონისძიების ჩატარების ზუსტი დრო ჯერ
ცნობილი არაა და თარიღსა და ღონისძიების პროგრამას მერია მას შემდეგ
გაასაჯაროებს, როცა ყველა დეტალი იქნება ცნობილი.
სატენდერო
წინადადების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ღონისძიებაზე
მოეწყობა მუსიკალური გამოფენა და ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები
სპექტაკლებიდან „ჯაყოს ხიზნები“ და „კვაჭი კვაჭანტირაძე“, ასევე
გათამაშდება პერფორმანსი ჯავახიშვილის მუზეუმის ეზოში.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
„ჯავახიშვილობა 2023“ აღსანიშნავად 37 444 ლარის ღირებულების ტენდერი
გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ „ჯავახიშვილობა 2022“ 8 ნოემბერს
გაიმართა.
გასულ წელს მერიას ჯავახიშვილობის ღონისძიების აღსანიშნავად 22 173
ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.
„ჯავახიშვილობა 2023“ ღონისძიების მომსახურების შესყიდვის ტენდერში
მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების
წარდგენა 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეეძლებათ.
რადიო „მარნეული“