რა უფლებებს დაკარგავენ არამართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოქალაქეები ახალი თავდაცვის კოდექსით
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა თავდაცვის კოდექსსა და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანას. თავდაცვის კოდექსში შესულ ცვლილებებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი დისკრიმინაციულად აღიქვავს და აცხადებს, რომ ცვლილებების შედეგად ირღვევა ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა რწმენის და რელიგიის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა.

თავდაცვის ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა სასულიერო პირი, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო
პირებისა, ვალდებული იქნებიან მოიხადონ ალტერნატიული სამხედრო ვალდებულება.

თავდაცვის ახალი კოდექსის მიღებას მხარი დაუჭირეს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა და პარლამენტარმა სავალან მირზოევმაც. რადიო „მარნეული“ შეეცადა მათთან დაკავშირებას, რათა გაგვეგო მათი პოზიცია სასულიერო პირების დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშიებით და თუ რატომ დაუჭირეს მხარი თავდაცვის კოდექსში ამგვარ ცვლილებებს, მაგრამ ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

რადიო „მარნეულთან“ თავდაცვის ახალი კოდექსისა და თანმდევ საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებების შესახებ საუბრობს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის TDI-ს წარმომადგენელი მაკო ღავთაძე. ღავთაძე ყურადღებას ამახვილებს დისკრიმინაციულ მიდგომაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და რწმენისა და რელიგიის თავისუფლებაზე.

„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ რელიგიის თავისუფლების ნაწილზე და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე ამ კოდექსში და მის თანმდევ საკანონმდებლო აქტებში, სადაც შევიდა ცვლილებები და ამან ერთობლიობაში შექმნა დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური გარემო. ერთი არის დისკრიმინაციის ნაწილში ის, რომ თუ აქამდე შეეძლოთ სასულიერო პირებს ესარგებლად სამხედრო სამსახურის მოხდის გადავადებით, ეს ნაწილი აღარ არის, აღარ ვრცელდება სასულიერო პირებზე გადავადების შესაძლებლობა და მათ ვალდებულება დაეკისრათ ალტერნატიული არასამხედრო შრომითი კანონით რომ მათ უნდა მოიხადონ სამხედრო ვალდებულება ალტერნატიული ფორმით. ანუ, სასულიერო პირებს გაუჩნდათ ვალდებულება რომ ალტერნატიული ფორმით მაინც გაიარონ ეს ვალდებულება. რაც შეეხება საპატრიარქოს, საპატრიარქო იმთავითვე იყო განთავისუფლებული ყველანაირი სამხედრო ვალდებულებისაგან, ეს მას უწერია კონსტიტუციურ შეთანხმებაში“. - აცხადებს მაკო ღავთაძე

როგორი შეიძლება იყოს ალტერნატიული, არასამხედრო, სავალდებულო შრომითი სამსახური?

„ეს ალტერნატიული სამსახური აქამდეც იყო კანონით განსაზღვრული და დამატებითაც არის ჩამონათვალი, მაგრამ ცოტა ბუნდოვანი არის. ერთ-ერთი მოიცავს, რომ უშუალოდ რელიგიურ ორგანიზაციაშიც შეუძლიათ გაიარონ ეს ალტერნატიული სამსახხური და როგორც განმარტავს მთავრობა ამ კანონპროექტის მხარდაჭერის და მიღების პროცესში, ისინი ამბობდნენ, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული სამსახური მათსავე რელიგიურ ორგანიზაციაში გაიარონ. თუმცა, ჩვენ თავდაცვის სამინისტროს ვკითხეთ რამდენიმე თვის წინ აქამდე არსებულ პრაქტიკაზე, თუ რა ფორმით ხდებოდა ამ სამსახურის გავლა, ვის გაუვლია და სად, მაგრამ ამაზე პასუხი მათ ჩვენ არ გაგვცეს“.

TDI-ს წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები „გირჩის" მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის გამო გადაწყვიტა. ღავთაძის განმარტებით, საკანონმდებლო წინადადებაში და განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია, რომ კანონში შესატანი ცვლილებები მიზნად ისახავს აღმოიფხვრას საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხოს არაკეთილსინდისიერი, ფიქტიური, ორგანიზაციები.

„კი, ეს გირჩის რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ არის ეს მიმართული, მაგრამ ჩენ მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო გაცილებით მეტი რელიგიური ორგანიზაციის უფლებების შელახვის სურვილი ჰქონდა ხელისუფლებას ამ ცვლილებებით, რადგან შინაარსი ამაზე მეტყველებს და გამოიყენა გირჩის რელიგიური ორგანიზაცია ერთ-ერთ არგუმენტად. ხელისუფლებამ კარგად ისარგებლა ამ მომენტით და გააუარეს ყველა მორწმუნე ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, რადგან აქ მხოლოდ დისკრიმინაცია არ ჩაწერილა“.

კანონის დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასთან ერთად ტოლერანტობის და მარავალფეროვნების ინსტიტუტს პრობლემურად მიაჩნია კანონის ჩანაწერი, რომ შეგროვდება აღმსარებლობის შესახებ ინფორმაცია, რაც უხეშად დაარღვევს 18-დან 60 წლამდე საქართველოს მოქალაქე კაცების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

„სამობილიზაციო რეზერვი იარსებებს, სადაც 18-დან 60 წლამდე ყველა ადამიანი პოტენციურად მოიაზრება, ანუ იარსებებს ბაზა სამობილიზაციო რეზერვის და ყველა 18-დან 60 წლამდე კაცი შევა ამ ბაზაში. ძალიან დიდ ბაზაზეა ლაპარაკი და ჩამონათვალში თუ რა ინფომაცია იქნება ამ ადამიანებზე, ერთ-ერთი არის აღმსარებლობის შესახებ ინფორმაცია. ეს არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი. ადამიანი აიძულო გაამჟღავნოს საკუთარი რელიგია, ეს არის ძალიან უხეში უფლებადარღვევა, არ ვიცი რა ფორმით აპირებენ ამ ინფორმაციის შეგროვებას, რადგან ადამიანების აღმსარებლობის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს არ აქვს“.

TDI-ს წარმომადგენლის განმარტებით, ადამიანებს ერთმევათ სამართლიანი სასამართლოს უფლებაც, რადგან კანონში შესული ცვლილებებით, პირის, რომელიც გაასაჩივრებს მის ჯარში გაწვევას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ მისი სავალდებულო სამხედრო ან/და ალტერნატიულ სამსახურში წაყვანა მიანც შესაძლებელი იქნება ზემდგომ ინსტანციებში საქმის წარმოების პერიოდში.

„ეს კანონი უნდა შეიცვალოს და სასურველი იქნებოდა რომ ის ამ ფორმით არ მიეღოთ. ზოგადად, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ამ კანონის შესაცვლელეად, რადგან ის ამ ფორმით თუ იარსებებ, სადაც იქნება იძულება, რომ ადამიანებმა თავისი მრწამსი გაამჟღავნონ, სადაც იქნება დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით, ეს არის არაკონსტიტუციური, ამიტომ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამოსავალი არის საკონსტიტუციო სასამართოლო სადაც შეიძლება დავა ამის არაკონსტიტუციურობასა და დისკრიმინაციაზე, მაგრამ ამას დაჭირდება დრო და ამ დროის განმავლობაში, სავარაუდოდ ძალიან ბევრი ადამიანის უფლება შეილახება და ამ უფლებების აღდგენა იქნება გამოუსწორებელი ზიანი”. - აცხადებს მაკო ღავთაძე

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლის განმარტებით, ორგანიზაციამ ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე დაიწყო მუშაო მისი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებისათვის და ისინი უახლოეს მომავალში გეგმავენ საკონსტიტუციო სარჩელით მიმართვას, რათა დისკრიმინაციული თავდაცვის კოდექსი შეიცვალოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები