მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2024 წლის
დადგომასთან დაკავშირებული საშობაო-საახალწლო
ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზების
მომსახურების შესყიდვისათვსი ტენდერი განმეორებით გამოაცხადა.
მარნეულის მერიამ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ორგანიზების
მომსახურების შესყიდვისათვის 65 578 ლარის ღირებულების პირველი
ტენდერი 3 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა
კომპანიამ შპს „გეოპროფი“-მ მიიღო და მერიას სამუშაოების შესრულება 53
350 ლარად შესთავაზა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ პრეტენდენტს
დისკვალიფიკაცია
ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭა. პირველი
ტენდერის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე
უნდა მომზდებულიყო „გრანდიოზული გოზინაყი“ რომლის სიგრძეც 2 მეტრი,
სიგანე კი 1.5 მეტრი იქნებოდა, ასევე ღონისძიებაზე უნდა ყოფილიყო
მოძრავი, დახურული სარეკლამო ავტობუსი.
მარნეულის მერიის მიერ განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში სატენდერო
თანხა გაზრდილია, მაგრამ ამოღებულია „გრანდიოზული გოზინაყის“
მომზადება, სარეკლამო ავტობუსი, შიფონის ფარდის, საახალწლო
ვარსკვლავების, ხის ფერადი ნაძვის ხეების, ზღაპრის გმირბის
კოსტუმებისა და სასცენო შადრევნის შესყიდვა.
მარნეულის მერიამ განმეორებითი ტენდერი, გაზრდილი თანხით, 27 ნოემბერს
გამოაცხადა. თვითმმართველობა ამჯერად ნაძვის ხის ანთების ღონისძიების
ორგანიზების მომსახურების შესყიდვას 66 500 ლარად გეგმავს. სატენდერო
დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაძვის ხის
ანთების ღონისძიების ორგანიზება დეკემბრის მეორე ნახევარში უნდა
უზრუნველყოს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო ნაძვის ხის ანთების
ღონისძიებაზე მოეწყობა თოვლის პაპის ქოხი, ტკბილეული სახლი, სცენა
კონცერტისათვის, სანტა კლაუსის მარხილი და ა.შ.
სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულია, თუ რა ღონისძიებები იქნება
მარნეულში საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების დღესასწაულზე.
20 წუთიანი რეპერტუარით მაყურებლის წინაშე წარდგება თბილისის ბავშვთა
კაპელა და შეასრულებს საახალწლო თემატისკის კომპოზიციებს.
ღონისძიებაზე იქნებიან ანიმატორები და საცირკო სანახაობა „შაპიტო“.
სატენდერო დოკუმენტაციაში არაა მითითებული კონკრეტული სახელები და
გვარები, თუ ვინ იმღერებენ ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, მაგრამ
მოცემულია აღწერა, თუ რა გამოცდილება უნდა ჰქონდეთ მომღერლებს.
„ქალბატონი ასაკი 40-45 წელი.არანაკლებ 15 წელი სცენაზე
სიმღერის გამოცდილებით. გამოშვებული ალბომების რაოდენობა არანაკლებ
15. ერთ - ერთი ქართული, მუსიკალური რადიოს დამაარსებელი..სატელევიზიო
მუსიკალური პროექტის ავტორი, ერთ - ერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი.
ბატონი ქართული მუსიკალური რადიოს წამყვანი, რომელიმე თეატრის
მსახიობი. რამდენიმე ფილმსა და სერიალში მონაწილეობის გამოცდილებით,
ერთ- ერთი სატელევიზიო მუსიკალური პროექტის გამარჯვებული, ქართული და
უცხოური სიმღერების ქავერების შემსრულებელი. ჯგუფი - შემდგარი 4
მამაკაცისგან, სცენაზე სიმღერის გამოცდილება არანაკლებ 20 წელი.
უნდაასრულებდნენ საკუთარ საავტორო სიმღერებს, აგრეთვე ქართული და
უცხოური სიმღერების ქავერებს. მათი რეპერტუარი უნდა გაგრძელდეს
არანაკლებ 40 წთ“. - აღნიშნულია ტენდერის
ხარჯთაღრიცხვაში
ღონისძიებაზე ასევე იქნება სხვადასხვა ფორმის საშობაო ორცხობილები,
გლინვეინი და ცხელი შოკოლადი.
რადიო „მარნეული“