ჰობი განტვირთვისთვის - მარნეულელი მასწავლებლის ლეილა ნამაზოვას ხელნაკეთი ნივთები
ერთი წელია, რაც მარნეულელმა მასწავლებელმა, ლეილა ნამაზოვამ ეპოქსიდზე მუშაობა დაიწყო. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისთვის ახალი ხელსაქმე საინტერესო გატაცებად იქცა. ქმნის დეკორაციებს, სხვადასხვა სახის ჭურჭელს და ფიგურებს. ამბობს, რომ ეპოქსიდზე მუშაობა ონლაინ კურსით ისწავლა, პირველ ნამუშევრად ლარნაკი შექმნა და საკუთარი თვის განვითარებაზე ყოველდღიურად მუშაობს.



„თეთრი შურით მშურდა იმ ადამიანების, ვინც ხელოვნებით იყო დაკავებული. მეგონა ვერასდროს ვერ შევქმნიდი ჩემით. მადლობა სოციალურ ქსელს, რომ ჩემს ხელსაქმემდე მიმიყვანა. ზოგადად, თიხაზე მუშაობა მომწონდა, მაგრამ თიხის მაგივრად ხელში ეპოქსიდი შემრჩა. გავიარე შემსწავლელი კურსები ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა რა იყო ეპოქსიდი, რასთან უნდა მემუშავა. მართლა გავრისკე. შვილებს რომ გავუმხილე ჩემი იდეა გვერდში დამიდგნენ, მხარი დამიჭირეს. ჩემი მეუღლე თავიდან პესიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ მუშაობა რომ დავიწყე, მერე თვითონ დაინტერესდა და მეხმარებოდა ნამუშევრების შექმნაში“

ლეილა ნამაზოვა ეპოქსიდზე მუშაობას თავისუფალ დროს ახერხებს. სკოლიდან სახლში მისული დაღლილობას ხელსაქმით იხსნის.



„მუზაც უნდა ამ ყველაფერზე მუშაობს, ხასიათი უნდა დაუჭირო. უმეტესად როცა ძალიან დაღლილი ვარ, მაშინ მინდა გავაკეთო და განვიტვირთო და დაღლილობამ გამიაროს. ეპოქსიდზე პატარა ზომის ნამუშევრებს უფრო მეტი სირთულე სჭირდება, ვიდრე დიდ ნამუშევრებს. ხანდახან მოთმინების უნარი არ მაქვს, რომ ბოლომდე მოვითმინო რა გამოვიდა. ძალიან მიყვარს სილიკონიდან ამოღების პროცესი, ერთი სული მაქვს ხოლმე ვნახო როგორი გამოვა ჩემი შეხამებული ფერები. ნამუშევარი ერთნაირი არასდროს გამოდის, ყველა სხვადასხვაა. „

პედაგოგი ამბობს, რომ მისი ახალი საქმე მოსწავლეებისათვის დამატებითი მოტივაციის მიმცემია ხშირად ესაუბრება მათ საკუთარი შესაძლებლობების მრავალფეროვნებაზე.



„ხანდახან მოსწავლეებში დემოტივაციას რომ ვგრძნობ, ჩემი მაგალითი მომყავს. მიუხედავად იმისა, რომ ვარ 50 წლის, არ ვაპირებ ფარხმალის დაყრას, კიდევ მინდა ბევრი რამ ვისწავლო. არ ვიცი ჩემი მომავალი როგორი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რაღაც პერიოდის მერე სკოლიდან უნდა წავიდე და როცა წავალ, მერე რა უნდა ვაკეთო. ვფიქრობ, ეს არის კარგი საშუალება სადაც შემიძლია ჩემი საქმეც მქონდეს, ამიტომ სულ ვეუბნები ბავშვებს, რომ ყოველთვის არის შესაძლებელი რაღაცის სწავლა, მთავარი მონდომებაა“

ლეილა ნამაზოვამ ნამუშევრების გაყიდვა უკვე დაიწყო, შექმნა გვერდები ფეისბუქზე, ინსტაგრამისა და ტიქტოკის გვერდებზე, რომლის გააქტიურებასაც ახლო მომავალში გეგმავს. აქვს სურვილი გააკეთოს სახელოსნო და მცირე ბიზნესი დიდ ბიზნესად აქციოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები