რატომ არ დაუჭირა მხარი „ენმ“-მ ამბულატორიების ასაშენებლად მიწის გასხვისებას - დაპირისპირება საკრებულოზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს სოფელ ალგეთში, აზიზქენდსა და დიდ მუღანლოში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებას შემდგომში ამბულატორიების მშენებლობის მიზნით. ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის ერთ ლარად მიწის ნაკვეთების გადაცემას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს სხდომაზე დამსწრე ოპოზიციის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რამილ ახმედოვმა და ნარგიზა ალიევამ.

„როგორც აღინიშნა, სამ მიწის ნაკვეთს ვაძლევთ ქონების ეროვნულ სააგენტოს და შემდგომში ქონების ეროვნული სააგენტო ამ მიწის ნაკვეთებს გადასცემს ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს სამომავლოდ თანამედროვე ტიპის ამბულატორიების ასაშენებლად“. - განაცხადა მარნეულის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აგილ ამირჯანოვმა

სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე კომენტარი გააკეთა მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემაც.

„ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და მთავრობის მიდგომაა, რომ ყველა სოფელში იყოს ამბულატორიები. სადაც არაა, ახალი აშენდება და სადაც არის ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია თანამედროვე, ევროპული, სტანდარტებით. ამ ამბულატორიებში ჩაუტარდებათ ადგილობრივებს პირველადი დახმარება“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

ამბულატორიების ასაშენებლად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემას მხარი არ დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, რის შემდეგაც ამირან გიორგაძემ ნარგიზა ალიევას ჰკითხა, გაიგო თუ არა მან თუ რას არ დაუჭირა მხარი.

„ქალბატონო ნარგიზ, თქვენ გაიგეთ რას არ დაუჭირეთ მხარი? გაიგეთ რაზეც იყო საუბრაი? არ გინდათ რომ ამბულატორიები აშენდეს?“ - ამირან გიორგაძე
„დეტალები არ ვიცი და ამიტომ არ ვუჭერ მხარს“ - ნარგიზ ალიევა
„ახალი ამბულატორია რომ უნდა აშენდეს, სხვა დეტალები რა საჭიროა?“ - ამირან გიორგაძე
„პროექტის დეტალები არ ვიცი და როგორ დამეჭირა მხარი“. - ნარგიზა ალიევა

ამირან გიორგაძისა და ნარგიზა ალიევას დიალოგს საკრებულოს სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რიჩარდ გიგანმა განაცხადა, რომ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ რას არ უჭერენ მხარს „ენმ“-ს წევრები.

„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, აგერ ტელევიზიებია, უნდა დააფიქსიროთ, რომ სოფლებში ამბულატორიების მშენებლობის წინააღმდეგ მიდიან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რადგან არ უნდათ, რომ სოფლებში განვითარება იყოს, კერძოდ ქალბატონი ნარგიზა“. - განაცხადა რიჩარდ გიგანმა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ნარგიზა ალიევამ იმ დეტალებზე ისაუბრა, რის გამოც მხარი არ დაუჭირა სოფლებში ამბულატორიების მშენებლობისათვის მიწების გასხვისებას.

„რაც შეეხება იმას, რომ ბატონ ამირანს არ მოეწონა, რომ მე რაღაცის წინააღმდეგ ხმა მივეცი, პირველ რიგში მინდა ავხსანა, თუ რატომ არ დავუჭირე მხარი. მე არ ვარ სოფლებში ამბულატორიების მშენებლობის წინააღმდეგ, მე თუ რამე საკითხების შესახებ მაქსიმალურად არ ვარ ინფორმირებული საკრებულოს აპარატის მხრიდან, მაშინ მე ამაზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. საკრებულოს აპარატი არ გვაძლევს ამ ინფორმაციას, იქენბ სხვა სოფლებში უფრო მეტი საჭიროებაა ამბულატორიების მშნებელობისათვის, ვიდრე ამ სოფლებში. თუ მე პროექტის დეტალებზე, პერსპექტივებსა და პრიორიტეტებზე ინფორმირებული არ ვიქნები, რომ იქ ნამდვილადაა ამის საჭიროება, მაშინ მე ან წინააღმდეგ ვაძლევ ხმას, ან თავს ვიკავებ. რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ არ ვართ ინფორმირებულები საკრბეულოს აპარატის მიერ, ჩვენამდე არ მოდის ინფორმაცია თუ რას გეგმავენ ისინი“. - აცხადებს ნარგიზა ალიევა

ალიევას განმარტებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში სამედიცინო კუთხით დიდი პრობლემაა, რადგან სოფლებში და ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანები დროულად ვერ მიდიან პაციენტებამდე.

„რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ხალხის მხარეს ვარ და არასდროს არ გამოვალ იმის წინააღმდეგ, რაც ხალხს სჭირდება და მე არ ვწევ ხელს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, მე საკრებულოზე გადაწყვეტილებებს მხარს ვუჭერ იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩვენს მოქალაქეებს სჭირდება, მაგრამ მე თუ დეტალურად არ მეცოდინება თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროეა ესა თუ ის პროექტი, მაშინ მე მას მხარს არ დავუჭერ“. - აცხადებს ნარგიზა ალიევა

მარნეულის საკრებულოს წევრის განცხადებით, მისთვის ასევე პრობლემურია მიწის ნაკვეთების ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის გადაცემა, რადგან მას ამ ჰოლდინგის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არ მაქვს ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ, ვისაც ერთ ლარად მიწა უნდა მიჰყიდონ. ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ ვიცით ამის განხილვა მოხდა თუ არა ადგილობრივებთან, მათ თუ უნდათ ამ მიწის გასხვისება. თუ ასეთი საჭიროება იდგა ამბულატორიების, მაშინ აქამდე რატომ არ აშენებდნენ? ჩვენ ვიცით, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება კორუფციონერებისაგან შედგება, რომლებიც თავიანთი ჯიბეების გამო ყველაფერს გაყიდიან, მათ შორის მარნეულშიც. სავარაუდოდ, მათაც რაღაც მოგება აქვთ, რადგან ამას მიჩვეული ვართ, რომ ბიძინა ივანიშნვილის ხელისუფლება უბრალოდ კორუმპირებულია და მე, როგორც ხალხის წარმომადგენელი, არასდროს დავუჭერ მხარს მათ კორუფციულ მიზნებს“. - განაცხადა ნარგიზა ალიევამ

რადიო „მარნეულს“ მარნეულის საკრებულოში განუცხადეს, რომ სოფლებში ამბულატორიების მშნებელობა საჭიროა, რათა მოსახლეობას ადგილზევე შეეძლოთ პირველადი დახმარების მიღება. საკრბეულოში ასევე განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე ამბულატორიების პროექტები შედგენილი ვერ იქნებოდა, რადგან ჰოლდინგს არ ჰქონდა მიწა, რომელზეც ამბულატორია უნდა აშენებულიყო. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის მიწის გადაცემის შემდგომ, ისინი შეადგენენ ამბულატორიის პროექტს და დაიწყებენ მშენებლობას.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ააიპ-ია, რომელიც 2020 წელს შეიქმნა. ჰოლდინგის მიზანი სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კლინიკების გაძლიერებაა. არსებული პრაქტიკით, მუნიციპალიტეტი საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო ჰოლდინგი უზრუნველყოფს ამბულატორიის მშენებლობასა და ფუნქციონირებას. ჰოლდინგის ერთ-ერთი მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლინიკების გაძლიერება და განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები