ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მელინე არაკელიანი მარნეულში ვიზიტით იმყოფებოდა
დღეს, 4 მარტს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მელინე არაკელიანი მარნეულში ვიზიტით იმყოფებოდა. მარნეულში სტუმრობისას ნიდერლანდების ელჩი რადიო „მარნეულსაც“ ეწვია.

მელინე არაკელიანმა ჩვენთან ინტერვიუს დროს ისაუბრა მრავალეთნიკურობაზე, საზოგადოების ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე და საქართველოს გზაზე ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით.

„მარნეულში ვიზიტი ჩემი დიდი პატივია. როგორც ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ვცდილობ რომ მოვინახულო სხვადასხვა რეგიონები საქართველოში, რადგან საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. თითოეულ რეგიონს აქვს თავისი ხასიათი, თავისი ტრადიციები და ძალიან მაინტერესებს, რომ აღმოვაჩინო ეს მრავალფეროვნება საქართველოში. ასევე, რა თქმა უნდა, ვიცი რომ მარნეული, ქვემო ქართლი, არის ძალიან მრავალფეროვანი რეგიონი და რეალურად ეს არის ერთ-ერთი რამ, რითაც საქართველო ძალიან ცნობილია. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების გამო, რომლებიც ცხოვრობენ ერთად, საუკუნეების განმავლობაში, ჰარმონიაში. ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია მთელი მსოფლიოსათვისაც, რათა მათ იცოდნენ ამის შესახებ. მაგრამ, წარმომიდგენია რომ სხვადასხვა ეთნიკურმა ჯგუფებმა შეიძლება გამოიყენონ დახმარება, რათა გაიცნონ ერთმანეთი უკეთ, ჰქონდეთ ინტერკულტურული ურთიერთობა. ჩვენი საელჩო მუშაობს აქ, მარნეულში, ორგანიზაციებთან და პროექტების უმრავლესობა, რასაც ჩვენ აქ მხარს ვუჭერთ, მიმართულია მულტიეთნიკური ურთიერთობების, ერთმანეთის გაგების და ასევე სამოქალაქო ჩართულების გაზრდისაკენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებში. ეს არის ჩვენი მოკრძალებული თანამონაწილეობა მარნეულში, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, რაც მარნეულში გაქვთ, ეს უკვე არის კარგი მაგალითი თუ როგორ ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის ადამიანები ერთად“. - განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა

ნიდერლანდების საელჩო საქართველოში მარნეულში რამდენიმე პროექტის მხარდამჭერია. ელჩის განმარტებით, პროექტები ძირითადად მიმართულია მარნეულში ახალგაზრდების ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში ჩართულობის გაზრდისა და რეგიონში მრავალეთნიკური ურთიერთობების გაღვივების მხრივ.

„შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ, თუ რა პროექტებს ვუჭერთ მხარს მარნეულში. ერთ-ერთი პროექტი ხორციელდება „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ მიერ, „კავკასიის სახლთან“ თანამშრომლობით და რასაც ისინი აკეთებენ, არის რომ ისინი ატარებენ ტრენინგებს მარნეულში, მარნეულის სოფლებში, მცხოვრები ახალგაზრდებისათვის თუ როგორ გახდნენ აქტიური მოქალაქეები თავიანთ თემში. რა შეუძლიათ გააკეთონ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მათ თემში არსებობს. მაგალითისთვის, ტრენინგებზე ახალგაზრდებს უხსნიან, თუ როგორ უნდა დაწერონ პროექტები, როგორ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის მუშაობაში და დღეს იქნება შეხვედრა მარნეულში, რომელსაც მეც დავესწრები, ეს არის ერთი მაგალითი. მეორე პროექტი, რომელსაც ჩვენი საელჩო უჭერს მხარს არის უფრო კულტურული პროექტი, ეს არის თოჯინების თეატრის შოუ სპექტაკლზე, რომელიც აჩვენებს თუ როგორ ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ადამიანები ერთად, ერთ სოფელში. კულტურის მეშვეობით, ზოგჯერ, შეგიძლია აჩვენო ძალიან ძლიერი ისტორიები. ამას გარდა, არის ძალიან ბევრი ინიციატივა, რაც მარნეულში ხორციელდება, რაც მხარს უჭერს მულტიეთნიკურ ურთიერთობებს, ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ხორციელდება ბატონი არამ აკოფიანისაგან, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული მულტიეთნიკური ფეხბურთის გუნდი მარნეულში. გუნდში არიან სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ბავშვები, რომლებიც ერთად თამაშობენ და ამ გზით ისინი იცნობენ ერთმანეთს უკეთ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. ჩვენს საელჩოს აქვს ჯილდო „ადამიანის უფლებათა ტიტა“, რომელსაც ყოველწლიურად გავცემთ ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტიურ მოქალაქეებზე და არამ აკოფიანი ერთ-ერთი ფინალისტი იყო ამ ჯილდოს მიღებისას“.

ელჩის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია, რათა ადგილობრივების წინაშე არსებული პრობლემების საუკეთესო გადაჭრის გზები მოიძებნოს. აცხადებს, რომ ეფექტური მართვისათვის აუცილებელია აქტიური მოქალაქეები და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებსა და წუხილებს მოისმენს.

„ადგილობრივი თვითმმართველობა დიდ როლს თამაშობს ყველგან, ასევე ჩემს ქვეყანაშიც, ნიდერლანდებში. ადგილობრივი თვითმმართველობა უფრო ახლოსაა ხალხთან ვიდრე ცენტრალური ხელისუფლება, ასე რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ უფრო კარგად იცის თუ რა პრობლემებია ადგილზე და რა აწუხებთ მოქალაქეებს. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამავდროულად მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ როგორ ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, როგორ ჰქონდეთ კომუნიკაცია იმ პრობლემებზე რაც მათ აწუხებთ და როგორ უნდა შევიდნენ კარგ, კონსტრუქციულ, დიალოგში ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რადგან ერთი მხრივ საჭიროა აქტიური მოქალაქეები და მეორე მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც უსმენს მათი მოქალაქეების წუხილებს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ეს დონე არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ, როდესაც რეგიონებს ვსტუმრობ ყოველთვის ვხვდები ამ რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. დღესაც, მე შევხვდები მარნეულის მერს, რადგან ძალიან მაინტერესებს მისგანაც მოვისმინო ამ რეგიონისა და თემის შესახებ“.

ნიდერლანდების სამეფო ერთ-ერთია ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას შორის, რომლებმაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ელჩის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება იყო. გაწევრიანების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად კი საქართველომ, როგორც ხელისუფლებამ, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, უნდა იმუშაონ ევროკავშირის მიერ დადგენილი 9 რეკომენდაციის შესასრულებლად.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასევე, ეს ძალიან ემოციური იყო. ჩემთვის, როგორც ელჩისათვის ძალიან ემოციური იყო ქართველი ხალხის რეაქციის ნახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს ფაქტი. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იყო ერთ-ერთი 27 ქვეყანას შორის, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა. ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი და თუ რამდენად სწრაფად გაივლის ეს პროცესი დამოკიდებულია საქართველოზეც, რადგან მან უნდა დანერგოს რეფორმები, რათა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისათვის. ამ ეტაპზე ევროკავშირმა შეიმუშავა 9 ნაბიჯი, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას სანამ პროცესი შემდეგ ეტაპზე გადავა, რაც არის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს 9 ნაბიჯი დაინერგოს, ეს არაა მხოლოდ ხელისუფლების საქმე, არამდე ყველა დაინტერესებული მხარის საზოგადოებაში, მათაც უნდა გაიღონ თავიანთი წვლილი. რა თქმა უნდა, საქართველო მარტო არაა ამ გზაზე და ნიდერლანდები, სხვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, გეხმარებით ამ ნაბიჯების გადადგმაში“. - განაცხადა ნიდერლანდების ელჩმა

ნიდერლანდების ელჩი მარნეულში ვიზიტის ფარგლებში დაესწრო „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას და შეხვედრა ჰქონდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google