მარნეულის მუნციპალიტეტის ვებ გევრდი დაახლოებით ორი კვირაა არ
ფუნქციონირებს.
როგორც მერიაში გვითხრეს მიზეზი ახალი ვებგვერდის შექმნაა,
რომლისთვისაც სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ
საიტის განახლების კონკრეტული დრო უცნობია, თუმცა პროცესი მალე
დასრულდება.
ვებ-გვერდი გათიშულია. ის ინფორმაცია, რაც განთავსებული იყო
მოსახლეობისათვის ხელმიუწვდომელია. მათ შორი ვერ ნახავთ მარნეულის
თანამდებობის პირების საკონტაქტო ინფორმაციას ან ადმინისტრაციულ
ერთეულებში მერის წარმომადგენლების საკონტაქტოს.
საიტის გათიშვის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობას
სოციალურ ქსელებში არ გაუვრცელებია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალი
საიტის შექმნა გამარტივებული წესით გადაწყვიტა. რისთვისაც 7 500 ლარი
გადაუხადა შპს „პროსერვისს”
გამარტივებული შესყიდვის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერიის
ვებგვერდი მოძველებული იყო, რის გამოც ახალის შექმნაა საჭირო.
„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის
ოფიციალური ვებგვერდი დაწერილია php-ის იმ ვერსიით, რომელიც უკვე
მოძველებულია. რადგან ჰოსტინგი, რომლითაც ვსარგებლობთ, განთავსებულია
საზოგადო ვებ-სერვერზე და უსაფრთხოებიდან გამომდინარე პროვაიდერის
მხრიდან მუდმივად ხდება მისი განახლება, დგას marneuli.gov.ge-ის
გათიშვის საშიშროება. როგორც მოგეხსენებათ, მერიის ოფიციალური ვებ
გვერდის გამართულად მუშაობა მნიშვნელოვანია მუნიცოპალიტეტისთვის,
რადგან აქ განთავსებულია საჯარო ინფორმაცია, დოკუმენტები, სიახლეები
და განცხადებები სოციალურ სერვისებსა და აქტივობებზე, რომელიც
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება“.
ხელშეკრულების ტექნიკური დავალების მიხედვით, საიტის დიზაინიში უნდა
ფიგურირებდეს მუნიციპალიტეტის ლოგო და დასახელება. ასევე, საიტს უნდა
ჰქონდეს ქართულ და ინგლისურ ენებს შორის გადართვის ფუნქციონალის
მხარდაჭერა.
გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რისი ხილვა შეგეძლებათ მერიის განახლებულ
საიტზე:
- ტექსტური გვერდი ( მერიის შესახებ, საკრებულოს
შესახებ)
- ღირსშესანიშნაობები
- მუნიციპალიტეტის როგორც მერიის ასევე საკრებულოს
თანამდებობის პირების მოდული
- მუნიციპალიტეტის სამსახურები
- ბრძანებები
- სხდომის ოქმები
- კონკურსები
- ანგარიშები
- სიახლეები
- ბიუროები
- კომისიები
- ფრაქციები
- სოციალური პროგრამები
- განცხადებები
- ფოტო გალერეა
- ვიდეო გალერეა
- კონტაქტი