პარტიული ღონისძიებების ცოცხალი ძალა - მასწავლებლების კლასგარეშე ვალდებულება
„რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტრაქცია“, ოჯახის სიწმინდის დღე, „ივანიშვილის ჩამოსვლა“ - ეს 2024 წლის ბოლო ექვს თვეში მთავრობის მიერ ჩატარებული სამი ღონისძიებაა, სადაც მარნეულში მომუშავე ბაღისა და სკოლის პედაგოგებს წასვლა დაავალეს. ადამიანებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მოსწავლეების პიროვნულ ჩამოყალიბებაში, აღზრდაში, განვითარებასა და განათლებაში.
29 აპრილის, ოცნების კონტრაქციაზე სწავლის ვალდებულება გამოუცხადეს მარნეულის ბაღების გამგეებმა თანამშრომლებს და უთხრეს, რომ თბილისში „კონცერტი“ ტარდებოდა და მათი წასვლა აუცილებელი იყო.



„როცა ხალხი სჭირდებათ, ბაღი და სკოლები ჰყავთ თითის გასაშვებად. ცხვრებივით შეგვყრიან ამდენ ხალხს, თავმოყვარეობაც დაკარგეს. ეს ზეწოლის გარდა სხვა არის რამე? თუ გამოთქვი პრეტენზია რომ აქციაზე არ მიდიხარ, სამსახურებს დაკარგავთო, სულ ამას ამბობენ. 9 საათი ბაღში ვარ, მთელი დღე ფეხზე, არც ხელფასი შესაფერისი, არც არანაირი არაფერი, უბრალოდ წასასვლელი რომ არ გვაქვს არსად და გასაქანი, თორემ რა მინდა იქ. გეფიცებით, ჩემი შვილი არ მყოლია არც ზოოპარკში, არც თეატრში და არსად. ამის არც დრო მაქვს და ხელფასიდან, პურის ფული არ მრჩება, 1 ლარიც თუ მქონდეს მე ახლაც. რის გამო უნდა ვიარო, პრემია მოგვცეს, 45 ბავშვს რომ ვუვლი მადლობის სიგელი გადმომცეს ერთხელ მაინც, ან მოდიან და გვაფასებენ რამეში? სარეცხი სითხე მე თუ ვიყიდე და ხელსაწმენდი ყოველ ზაფხულზე დალაგების დროს, ეგ რა მომსახურებაა. „ - გვიყვება მარნეულის ბაღის აღმზრდელი, რომელიც ერთ-ერთია იმ რესპონდენტებს, შორის ვისაც ჩვენთან საუბარი პროტესტის განცდამ გადააწყვეტინა.

სტატიაში მოყვანილი ყველა რესპონდენტი ანონიმურია. მიზეზი ერთია - რადგან ბაღისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მმართველი გუნდს მოკავშირეობა უწევთ.

სამივე აქციაზე ვალდებულების მიზნით წავიდა მარნეულის ერთ-ერთ ბაღში სოციალური პროგრამით დასაქმებული , რომელიც გვიყვება, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლები წლებია ხელისუფლების კარგ რესურსადაა ქცეული. ხშირ შემთხვევაში კი მათი მანიპულირება ხელფასის ჩამოჭრით, ან სამსახურის დაკარგვის შიშით ხდება.



„300 ლარი მაქვს მე პირადად ხელფასი, სხვა შემოსავალი ისეთი არც არაფერი გვაქვს ოჯახს და ესეც რომ დავკარგო, ჩემ შვილებს ვინ მირჩენს? ამიტომ, სადაც იტყვიან წასვლას მივყვებით. თან ბაღის გამგე ყველას სიას წერს ხოლმე ვინ წავიდა და ვინ - არა.“
სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი მარიამ ჯანიაშვილი გვიყვება, რომ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული გამოწვევა დგას. პრობლემურია ღირსეული ანაზღაურების საკითხი, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში უალტერნატივობა და დამზღვევი მექანიზმების არარსებობა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ წინასაარჩევნოდ იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ახლა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 680 000- ზე მეტი ადამიანი იღებს ამ მინიმალურ გასაცემელს. მეორე მხრივ, შეიძლება ადამიანი საარსებო შემწეობის მიმღები არ იყოს, მაგრამ არის დასაქმებული იმგვარ სამსახურში, რომელიც, ფაქტობრივად, სიღარიბის ზღვარზე ამყოფებს. ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები, რეალურად კი არიან დასაქმებული, მაგრამ, მათი საჭიროებები, როდესაც ვსაუბრობთ ღირსეულ ხელფასზე არ არის დაკმაყოფილებული. ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც დაბალანაზღაურებად სამსახურში არიან დასაქმებულები, მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ სამსახური იმიტომ, რომ ერთი მხრივ ალტერნატივის პოვნა ძალიან რთულია, მით უმეტეს ღირსეული ანაზღაურებით და მეორე მხრივ, არ გვაქვს სოციალური დაცვის ისეთი მექანიზმები, რომელიც ადამიანს სამსახურის დაკარგვის შემდეგ რამდენიმე თვე მაინც დაიცავდა. საუბარი მაქვს უმუშევრობის დაზღვევაზე, რომელიც რაღაც მომენტში, რამდენიმე თვის განმავლობაში ადამიანს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნისგან დაიცავდა. აქედან გამომდინარე, სამსახურები, სადაც ეს ადამიანები არიან დასაქმებული, ეს იქნება საჯარო თუ კერძო სამსახური, ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით პრობლემურია ეს საკითხი რეგიონებში, რადგან დასაქმების შესაძლებლობები აქ კიდევ უფრო ნაკლებია.“ - ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

საჯარო მოხელეების აქციებზე წაყვანა მარნეულში ხშირად გამხდარა ბაღების დროზე ადრე დახურვის, გაკვეთილების გაცდენის და ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების მიზეზი. რეალობას არც ბაგა ბაღების გაერთიანებაში, არც რესურსცენტრში და არც სატრანსპორტო კომპანიაში ადასტურებენ. პედაგოგების ნაწილი გვიყვება რომ, დირექტორები სკოლებში „ქართული ოცნების“ ძირითადი ძალა არიან.

„სამწუხაროდ, როგორც სხვა სკოლებში, ჩვენთანაც იყო ეს პროცესი და დირექტორმა და თავისმა მოადგილემ მასწავლებლებს გვითხრა, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავით მთავრობის მიერ შედგენილ აქციაზე, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება რადგან საჯარო სამსახურში ვართ დასაქმებული, ესე იგი მხარი უნდა დავუჭიროთ. ზოგი ვერც ასხვავებს და არც იცის რისგან უნდა იყოს საჯარო მოხელე გამიჯნული, მაგრამ მაინც რაღაცნაირად აიძულებდნენ და ამაზე ხმას არავინ იღებს. ეს შეჩვევის მომენტიცაა, ყოველთვის როცა რაღაცას მთავრობა გეგმავს, მასწავლებლები იქ უნდა იყვნენ. სამსახურების დატოვების შიშია ხოლმე ძირითადად. მე მგონი ამის ხაზგასმა უნდოდათ, რომ თუ არ წახვალ ესე იგი შენ არ ემორჩილები მთავრობას.“ - ამბობს მარნეულის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი



“მასწავლებლების აქციებზე წაყვანა ყველაზე დიდი სირცხვილია. პედაგოგს აძლევ ეროვნულ სასწავლო გეგმას, ეუბნები ეს, ეს და ეს კომპეტენციები უნდა განუვითარო ბავშვს, უნდა აღზარდო თავისუფალი მოქალაქე, პროგრესულად მოაზროვნე, სიტყვის თავისუფლება უნდა ასწავლო, დემოკრატიის საფუძვლები უნდა ასწავლო, კარგი და ცუდის გარჩევა უნდა ასწავლო. ამ დროს იგივე მასწავლებელი იძულებით მიგყავს აქციაზე. ამ ყოველივეს შემდეგ, ბავშვი იბნევა, ვერ იგებს რა ხდება. რომელ ბავშვს ექნება პატივისცემა იმ მასწავლებლის მიმართ, რომელიც შენ გესაუბრებოდა სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, არჩევანის თავისუფლებაზე და ხედავ აქციაზე მიჰყავთ ძალით.” -გვითხრა კიდევ ერთმა პედაგოგმა.

ბოლო აქცია, სადაც მარნეულის ბაღისა და სკოლების პედაგოგები წაიყვანეს, “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება იყო.

სამართლიანი არჩევნების (ISFED ) იურისტი თათია ქინქლაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ, ხშირად მოწყვლადი არიან სხვადასხვა საბიუჯეტო უწყებაში დასაქმებული პირები იმის გამო, რომ მათ წინააღმდეგ შესაძლოა გამოყენებული იყოს სხვადასხვა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რაც პრაქტიკაში ხდება ხოლმე.

„ჩვენ გვაქვს შრომითი უფლებების კუთხით განსხვავებული პრაქტიკა და საკმაოდ მაღალი სტანდარტია დადგენილი. მსგავს დავებზე დაკმაყოფილების მაჩვენებელიც მაღალია, რადგან სასამართლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერებაზე ან უკანონო განთავისუფლებაზე მსჯელობს და არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც მსგავსი ფორმით გათავისუფლებული პირი აღადგინეს სამსახურში და შეძლო დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ამ უფლების შესახებ იცოდნენ იმ პირებმა ვინც იძულებით ჩართეს სხვადასხვა დროს წინასაარჩევნო პროცესში. ჰქონდეთ ინფორმაცია“ - განმარტავს თათია ქინქლაძე

საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ მე-15 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში.

საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამავე კანონის, 68- მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად.




მასალა მომზადებულია "სოციალური სამართლიანობის ცენტრთან" თანამშრომლობის ფარგლებში


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები