ადრეულ ასაკში ქორწინების მავნე პრაქტიკა საქართველოში დღემდე
გამოწვევად რჩება.
ადრეულ ასაკში ქორწინება ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომლის გამოც
ბავშვები განათლების და დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელების
შესაძლებლობას არიან მოკლებულები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინების გამო
ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი შემცირებულია, მაღალია
არასრულწლოვან მშობელთა რეგისტრირებული რაოდენობა.
2019-2020 წლებთან შედარებით საგრძნობლადაა დაკლებული იმ ბავშვთა
რაოდენობა, რომლებმაც
სკოლა ქორწინების გამო დატოვეს. 2019-20 წლებში
სკოლა ბავშვის ქორწინების გამო 56-მა გოგომ და 4-მა ბიჭმა მიატოვა,
ხოლო 2021-2022 წლებში მხოლოდ 7-მა გოგომ.
2022 წელს, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვანი
მშობლების რეგისტრირებული რაოდენობა 434-ია. მათგან 5 მშობელი
არასრულწლოვანი ბიჭი იყო, 5 შემთხვევაში ორივე მშობელი არასრულწლოვანი
იყო, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში არასრულწლოვანი მშობელი გოგო იყო.
ასევე აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა რეგისტრირებული ორსულობისა
და მშობიარობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში ფიქსირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წელს
ქვემო ქართლში არასრულწლოვანთა რეგისტრირებული ორსულობის 271
შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც თბილისში 231 ასეთი შემთხვევა
იყო დაფიქსირებული.
„ეთნიკური აზერბაიჯანელი გოგოების 39 პროცენტი ტოვებს
სკოლას ცხრა წლიანი სავალდებულო საბაზისო განათლების მიღების შემდეგ,
რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ბავშვთა ქორწინებიდან და ბავშვთა
შრომასთან დაკავშირებულ გამოწვევებს“. - აღნიშნულია
2023 წლის „გენდერული თანასწორობის პროფილში“
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების
სექციის ხელმძღვანელმა ნათია ჯოხაძემ განაცხადა, რომ ადრეულ ასაკში
ქორწინების პრევენციაში უმთავრეს როლს განათლება თამაშობს - როგორც
ფორმალური, ისე არაფორმალური.
„სავალდებულოა, რომ გოგებიც და ბიჭებიც ერთნირად იყვნენ
გაძლიერებული. მათ შორის ფორმალური განათლებით, ასევე არაფორმალური
განათლებით. ე.წ ექსტრაკულიკულური ან სკოლის მიღმა საგანმანათლებლო და
სოციალური პროცესებით. თუ ესეთი შესაძლებლობები ქალაქის
ახალგაზრდებისთვის უფრო მეტადაა ხელმისწვდომი, პატარა დასახლებებში ეს
ნაკლებად ხელმისაწვდომია ხოლმე მთელი რიგი გარემოებების გამო და
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ასეთ პატარა, მაღალმთიან ან
მოშორებით მდებარე დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და
გოგოებისთვის იყოს ეს სერვისები, განსაკუთრებით არაფორმალური
განათლების მხრიდ. სკოლის მიღმა სოციალური თუ საგანმანათლებლო
პროგრამებში მონაწილეობის საშუალებები და შესაძლებლობები
გაზრდილი“. - აცხადებს ნათია ჯოხაძე
ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლად მცხოვრები გოგოებისთვის სკოლა
ხშირად ერთადერთი სივრცეა, სადაც ცოდნისა და უნარების მიღება
შესაძლებელია, მაგრამ ამ პროცესს გარკვეული დაბრკოლებებიც ახლავს.
სოფლად მცხოვრები ბავშვების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის
პრობლემაზე საუბრობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საჯარო
სკოლის მე და საზოგადოების და ქართული როგორც მეორე ენის პედაგოგი
აიშენ გიზბასოვა. გიზბასოვა ამახვილებს ყურადღებას სკოლის როლზე
გოგოების განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. აცხადებს, რომ
საგანმანათლებლო დაწესებულება გოგოებს ვერ აძლევს იმ უნარებსა და
შესაძლებლობებს, რაც სკოლამ მოსწავლეებს უნდა მისცეს.
„სოფელში უფრო მნიშვნელოვანია სკოლის როლი ვინაიდან სკოლა
არის ერთადერთი ადგილი სადაც გოგოები დადიან. ანუ, გოგოები არიან
ოჯახში და ოჯახის გარდა არიან სკოლაში. სხვა ადგილი, სხვა გარემო
სოციალიზაციისთვის ჩვენთან გოგოებს ნამდვილად არ აქვთ. შესაბამისად,
მასწავლებლებთან ურთიერთობა, თანაკლასელებთან ურთიერთობა, ეს
ყველაფერი მოქმედებს მათ სამომავლო ცხოვრებაზე და როგორც აღვნიშნე,
უშუალოდ პიროვნულ ჩამოყალიბებაზე მოქმედებს“. -
აცხადებს აიშენ გიზბასოვა
გიზბასოვას განმარტებით, დღევანდელ საზოგადოებაში გოგოები შესაძლოა
უფრო მეტად არიან განვითარებულები, ვიდრე 10-15 წლის წინ, მაგრამ ეს
სკოლის დამსახურება არაა. განმარტავს, რომ გოგოები დამატებით უნარებს
სკოლის გარეთ იძენენ - ინტერნეტის მეშვეობით ან არაფორმელური
განათლების გზით.
"არ ვიყენებთ მეტად ტექნოლოგიებს. შეიძლება ითქვას, რომ
უფრო ხელმისაწვდომია, კომპიუტერი იქნება თუ სხვა მოწყობილობები
იქნება, მაგრამ ამას საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად ვიყენებთ. აქ
დროის ფაქტორიც არის, რადგან სანამ მე გაკვეთილს ჩავუტარებ მანამდე
მჭირდება მომზადება, მაგრამ მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ
პროექტორი იქნება თუ კომპიუტერი უკვე კლასში დამხვდეს. სანამ
კომპიუტერს და პროექტორს ჩამოვიტან, სანამ ავაწყობ, ჩავრთავ, მერე
შეიძლება რამემ გაჭედოს და ასე შეიძლება მთელი გაკვეთილი ჩამეშალოს.
ვიცი, რომ ბევრ სკოლაში ასეა და ნამდვილად ასე ხდება, რომ ძალიან
გვიჭირს ასეთი გაკვეთილების ჩატარება - ხშირად ხდება ხოლმე
შეფერხებები".
გიზბასოვა გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას და აცხადებს, რომ ქალაქ
მარნეულში გოგოებს უფრო მეტად აქვთ შესაძლებლობა განვითარების, რადგან
მოქმედებს სხვადასხვა სახის ცენტრები და მათ არაფორმელური განათლების
მიღების შესაძლებლობა აქვთ, ხოლო სოფლად მცხოვრებ გოგოებს არაფორმალურ
განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ.
სკოლებში სამოქალაქო განათლების გაძლიერების მნიშვნელობაზე ამახვილებს
ყურადღებას მარნეულის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და სამოქალაქო
განათლების პედაგოგი ნილუფერ ყურბანოვა. აცხადდებს, რომ სამოქალაქო
განათლების ფარგლებში სკოლაში ისწავლება გენდერულ თანასწორობასთან,
გოგოების გაძლიერებასთან, ადამიანის უფლებებთან, ბავშვთა უფლებებთან
დაკავშირებული თემები და სხვა. მიუხედავად ამისა, ყურბანოვა
განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში სკოლაში სამოქალაქო განათლების
ხარისხიანად სწავლება ვერ ხდება, რის გამოც ბავშვები საჭირო
ინფორმაციის გარეშე რჩებიან.
„ვფიქრობ, რომ ყველა სკოლაში უნდა იყოს სამოქალაქო
განათლების კლუბები. სხვა საგნის მასწავლებლების უნდა გაერთიანდნენ და
ბევრი პროექტი უნდა განახორციელონ ამ მიმართულებით. სამწუხაროდ,
საქართველოს უმეტეს რეგიონებში ეს არ არის პოპულარული. უფრო მეტად
გოგოების გაძლიერება ხდება სკოლის გარეთ და ისიც ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ გოგოები სკოლის შიგნით გაძლიერდნენ. თუ ამას
სკოლა ვერ უზრუნველყოფს, მაშინ ყველაზე მცირე რისი გაკეთებაც მას
შეუძლია არის, რომ მიმართულება მისცეს გოგოებს - გააცნოს ინფორმაცია
სკოლის გარეთ ჩატარებული ტრენინგების შესახებ, მისცეს შესაძლებლობა
სხვადასხვა პროექტებში ჩართვის და ა.შ.“ - აცხადებს
ნილუფერ ყურბანოვა
ყურბანოვას განმარტებით, მარნეულში არის სკოლების წარმატებული
მაგალითები, რომლებიც გოგოებს ეხმარებიან სხვადასხვა უნარების
ათვისებასა და გაძლიერებაში, მაგრამ მუნიციპალიტეტის უმეტეს სკოლებში
მოსწავლეებს ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. აიშენის მსგავსად,
ნილუფერიც თვლის, რომ გოგოებს გაძლიერებასა და დამოუკიდებელი
გადაწყვეტილებების მიღებაში ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები
ეხმარებიან სხვადასხვა პროექტების განხორცილების გზით. ერთ-ერთი ასეთი
პროექტის ფარგლებში შეიქმნა „მარნეულის გოგოების კლუბი“, რომელიც
ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლენისათვის, მათი გაძლიერებისა და
გააქტიურებისათვის შეიქმნა.
მარიამ ბახტურიძე და აითექინ ალახვერდიევა „გოგოების კლუბის“ წევრები
სკოლის პერიოდში გახდნენ. 4 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ წარმატებულ
ქალებს სხვადასხვა სექტორიდან და ესწრებოდნენ ტრენინგებს სხვადასხვა
თემაზე, რაც მათი განვითარებისათვის იყო საჭირო.
„თავისი არსით რასაც გულისხმობს გოგოების კლუბი არის ის,
რომ მოიცავდა გოგოების გაძლიერებას და მეტ ჩართულობას. ჩვენ ხშირად
გვქონდა შეხვედრები მეწარმე ქალებთან, რომლებიც უკვე წარმატებულები
არიან და ისინი გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ამ
გამოცდილების მოსმენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ასევე,
გვიტარდებოდა ტრენინგები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე და ესეც
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო“. - აცხადებს მარიამ
ბახტურიძე
მარიამის მსგავსად აითექინიც თვლის, რომ გოგოების კლუბში
გაწევრიანებამ მას დამატებითი უნარები შესძინა - ცოდნა და
გამოცდილება, რომელსაც მხოლოდ სკოლაში სიარულით ვერ მიიღებდა.
„გოგოების კლუბი იყო ჩემი პირველი აქტივობა, რომლის
მეშვეობითაც პროექტებში აქტიური ჩართვა დავიწყე. ამ კლუბში ჩართვის
შედეგად ნამდვილად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ბევრი რამე გავიგე, ბევრი
რამე ვისწავლე. უამრავი ახალი გამოცდილება მივიღე რამაც პიროვნულად და
პროფესიულადაც განმავითარა“. - განაცხადა აითექინ
ალახვერდიევამ
ზოგადი განათლების სისტემაში გენდერული ასპექტის ინტეგრირება ამ დრომე
პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ გოგოებს განათლების თანასწორი
ხელმისაწვდომობის უფლება აქვთ, კვლავ არსებობს გამოწვევები
სახელმძღვანელოებში, გენდერული ნიშით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
აღმოჩენის მიმართულებით და ასაკთან შესაფერისი ადამიანის სექსუალობისა
და ჯანმრთელობის შესახებ განათლების არ არსებობის გამო.
ქალაქსა და სოფლებში მცხოვრებ, ეთნიკურ უმრავლესობასა და უმცირესობის
წარმომადგენლებს, ბიჭებსა და გოგოებს შორის ხარისხიან განათლებაზე
ხელმისაწვდომობა ერთმანეთისაგან გასხვავდება. ქალქში მოსწავლეები უფრო
ხარისხიან განათლებას იღებენ, ვიდრე სოფლებში, ზოგადად ბიჭებს უფრო
მეტი შესაძლებლობა აქვთ ვიდრე გოგოებს, ხოლო ეთნიკურ უმცირესობებში
განათლების ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე ეთნიკურ უმრავლესობებში.
საქართველოს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების გამო,
ყველაზე მოწყვლად ჯგუფს სოფლად მცხოვრები მოსწავლე გოგოები
წარმოადგენენ. 2023 წლის საქართველოს „გენდერული თანასწორობის
პროფილის“ მიხედვით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები და
შშმ ბავშვები ხარისხიანი განათლების მიღების საკითხში აწყდებიან
დამატებით და განსხვავებულ პრობლემებს, რომელთა შორისაც არის
კვალიფიციურ მასწავლებელთა და მისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსების
სიმცირე.