მარნეულში მომუშავე პედაგოგი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში,
თემურ სუყაშვილი, უერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლების განცხადებას და ფესიბუქზე პოსტს ავრცელებს.
“მე, როგორც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის
წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, ვუერთდები საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განცხადებას. ცენტრში
მუშაობა 2019 წელს დავიწყე. ამ პერიოდში, მთელი ენთუზიაზმით ვატარებდი
შეხვედრებს რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში. ხელმომწერ კოლეგებთან
ერთად, არაერთი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული საჯარო მოხელეებთან
სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან. ცენტრის საჭიროებიდან
გამომდინარე გორში, ხაშურში და კასპშიც კი ჩავსულვარ. მთელი ამ დროის
მანძილზე, გულმოდგინედ ვემსახურებოდი ჩვენი უზენაესი კანონის 78-ე
მუხლს და ყველაფერს ვაკეთებდი ნორმის სულისკვეთების მისაღწევად. იგივე
უნდა გააკეთოს ყველამ!” - წერს სუყაშვილი
ამ დროის მონაცემებით, განცხადებას ხელს 131 მოქმედი თანამშრომელი
აწერს და მიიჩნევს, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღება,
არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ერთობლივი განცხადება,
მას შემდეგ გაკეთდა, რაც საქათველოს პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. განცხადებას
მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და სხვადასხვა
რეგიონებში.