მარნეულელ მეწარმე ქალს, ნონა სამხარაძეს მარნეულის მერიამ ბიზნესის
დაკეტვა მოსთხოვა.
ნონა სამხარაძე მერიის გადაწყვეტილებას მის აქციებში მონაწილეობასა და
განსხვავებული აზრის დაფიქსირებას უკავშირებს.
„მეც მომადგნენ! ჩემი კრიტიკული აზრის გამო მახურინებენ
ყავის დრაივს. ორი წელია მძევლად ვყავარ აყვანილი ადგილობრივ
თვითმმართველობას, არ მიწესრიგებენ საბუთებს, თან ეს ყველაფერი
“აწარმოე საქართველოს” გრანტით გავაკეთე.
ჩემი ცხოვრება არც დრაივით დაწყებულა და არც დრაივით დამთავრებულა,
ბრძოლა გრძელდება ჩვენი ევროპული მომავლისთვის!
დღეს 6 საათამდე მომცეს დრო, რომ ავიღო ჯიხური, თორემ 600 ლარით
მაჯარიმებენ!
პ.ს ჩემს გვერდით ქართული ოცნების წარმომადგენელს აქვს დრაივიც,
სამრეცხაოც და კალონკაც და საინტერესოა მასაც თუ
აჯარიმებენ!“ - წერს ნონა სამხარაძე
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ნონა სამხარაძე განმარტავს, რომ მის
დრაივზე 4 ადამიანია დასაქმებული, არ აპირებს ბიზნესის დახურვას,
ელოდება მერიის მხრიდან დაჯარიმებას და გადაწყვეტილებას სასამართლოში
გაასაჩივრებს.
ნონა სამხარაძე მარნეულელი მეწარმე და აქტივისტია. წლებია
მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის და სოფლის მეურნეობის
განვითარების მიმართულებით მუშაობს.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურში განუცხადეს, რომ დღეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით
კომენტარის აღებაში ვერ დაგვეხმარებიან.
რადიო „მარნეული“