"გვინდა, რომ ადგილზე მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/ კასტრაცია დავნერგოთ მარნეულში" - გადაიყვანენ თუ არა მარნეულიდან ძაღლებს ოზურგეთში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 2025 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი 400 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანას გულისხმობს, კვლავ გელა ნაცვლიშვილმა გაიმარჯვა.

პრეტენდენტს წლებია მარნეულიდან შესაბამისი მომსახურების გასაწევად ძაღლები ოზურგეთის თავშესაფარში გადაჰყავდა. როგორც რადიო მარნეულს მერიის ტენდერში გამარჯვებულმა, გელა ნაცვლიშვილმა უთხრა, მარნეულში გეგმავენ მოხალისეებთან თანამშრომლობით მობილური ვეტერინარული კლინიკის სერვისი დანერგონ, ხოლო ის სერვისი რაც მობილური კლინიკის მეშვეობით ვერ
განხორციელდება, თბილისში კონტრაქტორ ვეტკლინიკების მეშვეობით გასწიონ.

“გვინდა, რომ ადგილზე მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია/ კასტრაცია დავნერგოთ მარნეულშიც,ცხოველთა მიმკედლებლებთან და მოხალისეებთან თანამშრომლობით, რაც წარმატებით დავნერგეთ და განვახორციელეთ ზოგიერთ სხვა რეგიონში გასულ წელს, ის სერვისი რაც ვერ განხორციელდება მობილურ ვეტერინარულ კლინიკაზე,გვაქვს გაფორმებული კონტრაქტები თბილისში არსებულ ვეტერინარულ დაწესებულებებში. გვყავს მობილური ვეტერინარული კლინიკა პეტომობილი, რომლითაც ადგილზე ჩავდივართ სხვადასხვა შორ რეგიონებში, მათ შორის მარნეულშიც,მობილური ვეტ.კლინიკით სტერილიზაცია/კასტრაცია მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია”- თქვა გელა ნაცვლიშვილმა.

მარნეულის მერია წლებია ტენდერებს აცხადებს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის მომსახურებაზე, სადაც მეხუთე წელია უკონკურენტოდ იმარჯვებს გელა ნაცვლიშვილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურების ტენდერებში მას ამ დრომდე 189 342 ლარი აქვს აღებული.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ ჩატარებულა მიუსაფარი ცხოველების აღრიცხვა. საკრებულოს ამ დრომდე არ მიუღია დადგენილება ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები