მარნეულის მერიამ 11 ტენდერი შეწყვიტა და ხელახლა გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 11 ტენდერი შეწყვიტა და შემდგომ ხელთავიდან გამოაცხადა. შეწყვეტის ოქმების მიხედვით, ტენდერების შეწყვეტა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის, ილია ყალაბეგაშვილის წერილის საფუძველზე მოხდა.

„შემხვედრი ორგანიზაციული აუცილებელი საჭიროებებით გამოწვეყლი დეტალური სამსახურებრივი ანალიზის შედეგად თვალსაჩინოდ ცხადი ხდება რიგ შემთხვევებში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების იმგვარი მოცულობითი / გეგმა გრაფიკობრივი / სახარჯთაღრიცხვო პარამეტრობრივი შეუსაბამობები დღეს

მიმდინარე სატენდერო პროცედურებში განთავსებულ სატენდერო დოკუმენტაცაში / მოთხოვნაში / პირობებში, მათ შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში დაინტერესებულ მხარეთა / პირთა მიერ დასმულ ობიექტურ კომპეტენტურ-კვალიფიციურ წინადადებებზე დაყრდნობით, რომ თავისი ხასიათით ამ საჭიროების ცვლილებების / დამატებების განხორციელება მოითხოვს არსობრივ კორექტივებს და რიგ შემთხვევებში საერთოდაც დამატებებს საპროექტო დოკუმენტაციის გარკვეულ ნაწილებში“.
- აღნიშნულია ილია ყალაბეგაშვილის მიერ მარნეულის მერისათვის მიწერილ წერილში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის წერილში აღნიშნულია, რომ საჭირო იყო უკვე გამოცხადებული ტენდერების შეწყვეტა, რადგან მათში კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯამში 27 462 436 ლარის ღირებულების 11 ტენდერი შეწყვიტა და შემდგომ ხელთავიდან გამოაცხადა.
გთავაზობთ ტენდერებისა და მათი ღირებულების ჩამონათვალს:

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 1 697 579 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ კუშჩუს წყალმომარაგების ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 954 008 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 1 165 012 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 2 996 046 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 362 119 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ თამარისის მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - 5 640 394 ლარი
ქ. მარნეულის შემოვლითი გზის მშენებლობის (გზა N1) სამუშაოების შესყიდვა - 3 614 625 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში მოლა ბაირამლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (II ეტაპი) – 1 114 592 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (II ეტაპი) – 5 159 826 ლარი
სოფელი ხუტორლეჟბადინის და სოფელი ქუთლიარის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა - 1 018 692 ლარი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (III ეტაპი) – 3 739 543 ლარი


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები