სუსტი რეაგირება და ძლიერი სტერეოტიპები – როგორ არ მუშაობს ბავშვთა ქორწინებასთან ბრძოლა
საქართველოში ადამინის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირების გამო, სტატისტიკის და სათანადო რეაგირების მიღმა რჩება მშობლების ინიციატივით ბავშვთა ნიშნობის შემთხვევები. ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა კი კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ანგარიშის მიხედვით, ბავშვის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისას კვლავ იკვეთება სოციალურ მუშაკთა მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება რაც

მათ შორის გამოწვეულია ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ წინასწარი განწყობებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებით.

„ასევე, პრობლემურია ბავშვობის ასაკში შესაძლო ქორწინების ფაქტებზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 184 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 74 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 50 ბავშვი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო“. - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში

სახალხო დამცველის ანგარიში აღნიშნავს, რომ შესწავლილი ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით კვლავ იკვეთება სამართალდამცვაი ორგანოების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ზრუნვის ორგანოების მუშაობის ხარვეზები.

ანგარიშის მიხედვით, შენარჩუნებულია წინა წლების ტენდენცია არასრულწლოვანთა ორსულობისა და მშობიარობის რიცხვის კლებასთან დაკავშირებით.

„სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს 427 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვან მშობლად კი 365პირი (მათ შორის, არასრულწლოვანი დედა 347, არასრულწლოვანი დედა და მამა 7, არასრულწლოვანი მამა 11.)“.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ქორწინების მიზნით 43 მოსწავლეს, მათ შორის 38 გოგოს და 5 ბიჭს, შეუწყდა ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სტატისტიკური მონაცემები შესაძლოა რეალურ სურათს არ ასახავდეს, რადგან სწავლის მიტოვების დროს მიზეზები ხარვეზებით მიეთითება.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შემუშავდეს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და მისი თანმდევი დანაშაულების თავიდან ასარიდებლად.

რადიო “მარნეული”

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები