საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის
მიხედვით,
ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით პრობლემად რჩება
ტერიტორიული მისაწვდომობა, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებულ რეგიონებში. ანგარიშში საუბარია ბოლნისის, წალკისა და
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებსა და მათში არსებულ პრობლემებზე ადრეული
და სკოლამდელი განათელების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
“ადრეული და სკოლამდელი განათლების კონტექსტში ასევე
პრობლემურია შესაბამისი დაწესებულებების ტერიტორიული მისაწვდომობა.
ამაზე მიანიშნებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული
სოფლების ნაწილში ბაღების არარსებობა. მაგალითად, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობის მოსახლეობით დასახლებულ 39
სოფელსა და დაბაში მხოლოდ 1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება
ფუნქციონირებს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით
დასახლებულ სოფლებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არ არის.
წალკის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში
მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი და ორი შერეული ბაღი
ფუნქციონირებს”. - აღნიშნულია საქართველოში ადამინის
უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს
სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს არ გაზრდილა იმ
ბაღების და სკოლამდელი დაწესებულებების რაოდენობა, სადაც ბილინგვური
სწავლების მოდელია დანერგილი. 2024 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით,
საქართველოში არის 65 არაქართულენოვანი ჯგუფებით დაკომპლექტებული
საჯარო სკოლამდელი დაწესებულება, რომელთაგან ბილინგვური პროგრამა
მხოლოდ 34 ბაღში ხორციელდება.
“2024 წელს, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ ქვემო
ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ სკოლამდელ
დაწესებულებებში ჩატარებულმა შეხვედრებმა ბილინგვური განათლების
დანერგვის პროცესში არაერთი გამოწვევა გამოავლინა. არაერთგვაროვანია
სკოლამდელი დაწესებულებების პრაქტიკა, რაც, მათ შორის, შესაბამისი
კადრების დეფიციტითაც არის გამოწვეული.” - აღნიშნულია
სახალხო დამცველის ანგარიშში
ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის 1713
დაწესებულებაში 137 474 აღსაზრდელი ირიცხებოდა. სახალხო დამცველი
დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წელს 330 ახალი
საბავშვო ბაღის მშენებლობისა და 555 ბაღის რეაბილიტაციის პროექტის
ინიცირებიას, მაგრამ განმარტავს, რომ 2024-2025 წელს საქართველოში
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების რაოდენობა მხოლოდ ხუთით
გაიზარდა, რის გამოც სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა კვლავ
პრობლემად რჩება.
რადიო “მარნეული”