დღეს, 16 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მარნეულის
მერიას მისცა თანხმობა განახორციელოს
5 159 826 ლარისა და 5 640 394 ლარის ღირებულების ორი პროექტი.
მარნეულის საკრებულოზე სიტყვით გამოსვლისას მარნეულის მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა ჩხიტუნიძემ
განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტების ღირებულება აღემატება მარნეულის
მუნიციპალიტეტის გადასახადების 5%-ს რის გამოც მერიას პროექტების
განსახორციელებლად საკრებულოს თანხმობა დასჭირდა.
„გადასახადების 5%, თანხაში გამოხატული ფორმულირებით,
ჯამში შეადგენს 4 306 677 ლარს, რომლის გათვალისწინებითაც 5%-ს, ანუ
ამ აღნიშნულ თანხას აჭარბებს ორი პროექტის ღირებულება. საკრებულოს
სხდომაზე თანხმობის მიღების მიზნით წარმოგიდგენთ სწორედ ამ ორ
პროექტს“. - განაცხადა კობა ჩხიტუნიძემ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 5 640 394
ლარად გეგმავს სოფელ თამარისის მისასვლელი გზის სარებაილიტაციო
სამუშაოების შესყიდვას, ხოლო 5 159 826 ლარად აპირებს სოფელ წერეთლის
შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის შესყიდვას.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად სულ 4 საკითხი იყო გამოტანილი.
დეპუტატებმა ოთხივე საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება
მიიღეს.
რადიო "მარნეული"