სოფელ ყიზილაჯილოში მცხოვრებლებმა მარნეულის მერიის წინ საპროტესტო
აქცია გამართეს.
17 აპრილს სოფელ ყიზილაჯილოს მოსახლობის ნაწილმა მარნეულის მერიის წინ
საპროტესტო აქცია გამართა. ისინი თვითმმართველობის მიმდებარე
ტერიტორიაზე დილის საათებში შეიკრიბნენ და საგზაო ინფრასტრუქტურა
გააპროტესტეს.
გასული რამდენიმე დღის განმავლობაში უხვი ნალექის გამო მარნეულსა და
მიმდებარე სოფლებში ქუჩები დაიტბორა და გადაადგილება ფაქტობრივად
შეუძლებელი გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით,
ამორტიზირებული, ორმოებიანი გზები პერიოდულად
ხრეშით ივსება, თუმცა
მოსახლეობას ეს სიტუაციის გამოსწორებაში არ ეხმარება.
„რამდენჯერ მოვითხოვეთ — მოვედით, გვპირდებოდნენ გზა
გაკეთდება, მაგრამ დღემდე არაა. გვატყუებდნენ. ჯანმრთელობის
პრობლემებით ვართ, სასწრაფო არ მოდის გაუმართავი გზების გამო.
მარშრუტკები ვერ მოდიან ჩვენამდე, მძღოლებიც ამბობენ, რომ გზა ასეთია.
ბავშვები სკოლაში ატალახებულები მიდიან. “ - თქვა ამალა
ფირიევმა
„თავი მტკივა უკვე — 100-ჯერ მოვედით, ასჯერ ვთხოვეთ. ვინ რას
გვიკეთებს? რაც წყლის გაყვანა დაიწყეს, მანამდე სულ ასფალტი გვქონდა.
რამდენი რწმუნებელი შეცვალეს, შედეგი არ ჩანს.”
„პასპორტებს აგროვებენ, თითქოს გზა ხმების სანაცვლოდ უნდა
გაგვეკეთებინაო. რწმუნებული ამბობს, რომ ასეც აკეთებდა და ახლა კარგად
უნდა ვცხოვრობდეთ.“
{{AUDIO}}
მერიასთან გამართულ აქციაზე ძირითადად ქალები შეიკრიბნენ, რომლებიც
ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მათთან აქტიური კომუნიკაცია
მხოლოდ არჩევნების პერიოდში აქვს და დაპირებებს არ ასრულებს. აქციაზე
გომოვიდა ყიზილაჯლოში მერის წარმომადგენელი, რომელიც მოსახლეობას
სიტუაციის გაუმჯობესებას მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული
პროექტის გამო ვერ დაჰპირდა.
„გზები კეთდება მერის პირადი ინიციატივით, როგორც კი
დასრულდება კანალიზაციის მილების გამოცვლის პროექტი, გზა აუცილებლად
დაიგება. რაც შეეხება წვიმას — ეს ღვთის ნებაა და მერია ამას ვერ
გააკონტროლებს.“
მარნეულში წყალარინების პროექტი უკვე 7 წელია მიმდინარეობს და დღემდე
არ დასრულებულა. ამ პერიოდში გადაითხარა გზები, ამორტიზდა
ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო
ავტომობილები. გზები დაგება კი მას შემდეგ მოხდება, რაც პროექტი
დასრულდება. ვადები უცნობია.