არჩევნების გაყალბებაში ბრალდებული ისკანდაროვების მორიგი სასამართლო 8 მაისს გაიმართება
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არჩევნების გაყალბებაში ბრალდებული როვშან და ეთიბარ ისკანდაროვების მომდევნო სასამართლო სხდომა 8 მაისს, 16:30 საათზე, გაიმართება.

ისკანდაროვების ბოლო სასამართლო სხდომა 17 აპრილს გაიმართა. პროკურორმა, თორნიკე კაპანაძემ, სასამართლოს სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა. მისი განმარტებით, სხდომაზე უნდა განიხილოს პერსონალური მონაცემები, კონკრეტულად კი #69 საარჩევნო უბანის სამაგიდო წიგნები, სადაც ამომრჩეველთა პირადი ნომრები და სხვა პერსონალური ინფორმაციაა მითითებული.

ბრალდების
მხარემ ასევე განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოიკითხება საქმის გამომძიებელიც, რომელიც ისაუბრებს გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით მოსამართლე ვლადიმერ წითლაურმა სასამართლო სხდომა დახურა.

როვშან ისკანდაროვი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან და ეთიბარ ისკანდაროვმა 2024 წლის 26 ოქტომბერს, სადახლოში გახსნილ N69 საარჩევნო უბანში არჩევნების გაყალბება სცადეს. 26 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ყრის საარჩევნო
ბიულეტენების კონვერტებს როვშან ისკანდაროვი საარჩევნო ყუთში და მას ეთიბარ ისკანდაროვი ეხმარება.

როვშან და ეთიბარ ისკანდაროვები 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ისკანდაროვებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე ტერცია მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები