„მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ შიგნით არ ჩაყარონ ნაგავი“ - მდინარე ალგეთის კალაპოტი კვლავ დაბინძურებულია
მარნეულის მუნიციპალიტეტში გამავალი მდინარე ალგეთის სანაპირო, მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ დაბინძურებულია. სანაპიროზე შენიშნავთ პლასტმასას, ცელოფნებს, მინისა და პლასტმასის ბოთლებს, გამოყენებულ საფენებს, ცხოველების ნეშთებს, ქიმიურ და ბიოლოგიურ ნარჩენებსა და სხვა საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნაგავს.

რადიო “მარნეულმა” 5 მარტს გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვყვებოდით, თუ როგორ იყო დაბინძურებული მდინარე ალგეთის სანაპირო. 19 მარტს რადიო “მარნეულთან” საუბრისას საკრებულოს დეპუტატმა, ქალაქ

მარნეულის მაჟორიტარმა, ვასილ ხახულაშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მდინარე ალგეთის სანაპიროს გაწმენდა დაიწყებოდა.

დღეს, პირველ მაისს, მდინარე ალგეთის სანაპირო კვლავ დაბინძურებულია. ვასილ ხახულაშვილი აცხადებს, რომ სანაპირო გაწმინდეს, მაგრამ ძლიერი წვიმებისა და მოსახლეობის მიერ მდინარეში ნარჩენების გადაყრის გამო სანაპირო კვლავ დაბინძურდა.

“ნაპირსამაგრი სამუშაოების და ალგეთის კალაპოტის გაწმენდის ტენდერი გამოცხადებულია. იყო ჩამოსული ჯფუფი, დაათვალიერეს და წარმოადგინეს ხარჯთაღრიცხვა. ჩვენ მოვაწყვეთ შაბათობა და მთლიანად დავასუფთავეთ ეს ალგეთის კალაპოტი ბაზრამდე და შემდეგ წყალადიდებულმა წყალმა კიდევ დააბინძურა. თვითონ ალგეთის მდინარეს მოაქვს ბევრი ნაგავი და ახლა კიდევ დასასუფთავებელია. ერთი კვირის წინ დიდი წვიმები იყო, წყალი კიდევ ადიდდა და სადაც მოსახვევია იქ იყრის მთელი ნაგავი თავს. ალბათ, ამინდები გამოვა თუ არა და წყლის დონე დაიწევს დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები”. - განაცხადა ვასილ ხახულაშვილმა

ქალაქ მარნეულის მაჟორიტარი მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან სისუფთავე და არ ჩაყარონ ნარჩენები მდინარეში.

“თვითონ მოსახლეობამ უნდა გაითავისოს. ვერანაირი მუნიციპალიტეტი და დასუფთავების სამსახური ამას ვერ შეძლებს, რომ შიგნით არ ჩაყარონ ნარჩენები. ჩვენ ამით ვაბინძურებთ როგორც ჩვენს ქალაქს, ასევე საფრთხეს ვუქმნით ჩვენს შვილებს და მომავალს. წყლის დაბინძურებას ძალიან დიდი ნეგატივი მოყვება”. - განაცხადა ხახულაშვილმა

მარნეულის საკრებულოს წევრის განმარტებით, ქალაქ მარნეულში მდინარე ალგეთის კალაპოტი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც მდინარეს ბუნებრივი კალაპოტი აღარ გააჩნია. ხახულაშვილის თქმით, მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი ალგეთის კალაპოტის გასაწმენდად, რათა ადიდების შემთხვევაში წყალმა გავლა მოახერხოს.

რადიო “მარნეული”

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები