ინფრასტრუქტურის მინისტრი მარნეულში – რევაზ სოხაძემ წყალარინების პროექტი პრობლემურად შეაფასა და გრაფიკის შემუშავება დააანონსა
დღეს, 15 მაისს, მარნეულს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ეწვია. მინისტრმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალარინებისა და წყალმომარაგების პროექტი პრობლემურად შეაფასა და განაცხადა, რომ პროექტის დასასრულებლად მუშაობა დაჩქარებულ რეჟიმში გაგრძელდება. ინფრომაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააქვეყნებს. მინისტრის სტუმრობის შესახებ რადიო “მარნეულს” ინფორმაცია არ ჰქონია.

რევაზ სოხაძის თქმით, სამუშაოები მნიშვნელოვნად არის შეფერხებული, რაც, მისი შეფასებით, კონტრაქტორი კომპანიის დაუდევრობას უკავშირდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტრაქტორს უკვე მიეცა ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად და დღეიდან დაიწყება კონკრეტული გრაფიკის შემუშავება, რომლის შესახებაც მოსახლეობა დამატებით მიიღებს ინფორმაციას.


„მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, სამწუხაროდ, არის პრობლემური. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ვფიქრობ, გარკვეულწილად კონტრაქტორის დაუდევრობით. ჩვენ მივეცით კონკრეტული ვადა კონტრაქტორს პრობლემის მოსაგვარებლად და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ჩვენი მხრიდან ამის კონტროლი. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მარნეულის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით, უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს პროექტი,“-
განაცხადა რევაზ სოხაძემ

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo - Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei“.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

გარეკანის ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები