დმანისსა და თეთრიწყაროში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის
ახალი ცენტრები შეიქმნა
- თეთრიწყაროში ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი,
ხოლო დმანისში პირველი დღის ცენტრი, რომელიც სპეციალური საჭიროების
მქონე ბავშვებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. აღნიშნული ცენტრების
შექმნა შესაძლებელი გახდა ევროკავშვირის მიერ დაფინანსებული პროგრამის
ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია CENN ახორციელებს.
ევროკავშირის დახმარებით ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის
მუნიციპალიტეტებში შესაძლებელი გახდა ისეთი სოციალური პროგრამების
შემუშავება, რომელბეიც მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება
მორგებული.
თეთრიწყაროში შეიქმნა 0-დან 7 წლამდე ბავშვებისათვის ცენტრი, რომელიც
სპეციალური საჭიროების მქონე და ადრეული განვითარების შეფერხების
მქონე ბავშვებს უჭერს მხარს. ამ ეტაპზე თეთრიწყაროს 16 საბავშვო ბაღში
მიმდინარეობს სკრინინგის პროცესი, რათა გამოვლინდეს ბავშვების
საჭიროებები. საჭიროებების გამოვლენის შემდგომ კი შემუშავდება ბავშვის
ინდივიდუალური განვითარების გეგმა და დაიწყება მასთან მუშაობა.
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) აღმასრულებელი დირექტორის,
ნინო ტიკურიშვილის განმარტებით, პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა
ცენტრის აღჭურვა, საჭიროებების გამოვლენისათვის სკრინინგის ჩატარება
და ყველა დოკუმენტის შემუშავება, რომლის დახმარებითაც ცენტრს
სახელმწიფოს მიერ სერვისის მიმწოდებლის სტატუსის მიღება შეუძლია.
„ცენტრი გათვლილია 20 ბავშვზე, საწყის ეტაპზე.
მიმდინარეობს მომწოდებლად რეგისტრაცია. მთავარი რაც გავაკეთეთ ამ
პროექტის ფარგლებში, მოვაწყეთ სივრცე - როგორც ადმინისტრაციისთვის,
ასევე ამ ბავშვებისთვის, რომლებიც განავითარებენ იმ უნარებს, რომლებიც
განვითარების შეფერხების დროს გარკვეულ ჩარევას საჭიროებენ. ასევე,
გადავამზადეთ ის სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია ცენტრის
ფუნქციონირებისთვის. იმედია უახლოეს პერიოდში გვექნება თანხმობა
სახელმწიფოს მხრიდან და ცენტრი ოფიციალურად ამუშავდება და თეთრიწყაროს
ეს ობიექტი იქნება ადრეული განვითარების პროგრამის განმახორციელებელი
ლოკალურ დონეზე და აღარ მოვახდენთ იდენტიფიცირებული ბავშვების
გადამისამართებას მეზობელ მუნიციპალიტეტებში“. -
განაცხადა ნინო ტიკურაშვილმა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობა დაიწყო დმანისის
მუნიციპალიტეტშიც, სადაც ორგანიზციამ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“
პირველი დღის ცენტრი დააფუძნა. დღის ცენტრი სერვისს სთავაზობს 6-დან
18 წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებს. დღის ცენტრში სპეციალური
საჭიროების მქონე ბავშვები დილიდან საღამომდე რჩებიან -
უზრუნველყოფილი არიან კვებით, უტარდებათ სხვადსხვა თერაპია, მათთან
მუშაობენ სპეციალური პედაგოგები და ფსიქოლოგები. „ბავშვი, ოჯახი,
საზოგადოების“ დამფუძნებელი მაია ბიბილეიშვილი ამბობს, რომ ცენტრი
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებასც ეხმარება - უწევს
ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას და მათ აძლევს თავისუფალ დროს
განვითარებისა და დამატებითი შემოსავალის პოვნისათვის.
„დღის ცენტრს აქვს თავისი სტანდარტები, რასაც ჩვენ სრულად
ვაკმაყოფილებთ. დღის ცენტრის მოთხოვნაში არის, რომ უნდა იყოს
ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებლები და სხვადასხვა გასართობი
აქტივობები, როგორიცაა სპორტული აქტივობა, არტთერაპია, მუსიკა და ა.შ.
რაც შეეხება ვიწრო თერაპიებს, ამ თვალსაზრისით ჩვენ მოვამზადეთ
ადრეული განვითარების სპეციალისტი და გვინდა ქცევითი თერაპევტის
მომზადება. თერაპიებზე გადავალთ მაშინ, როდესაც დავარეგისტრირებთ აქვე
რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამას“. - გვითხრა მაია
ბიბილეიშვილმა
დმანისის დღის ცენტრის ფსიქოლოგის მაირამ დევნოზაშვილის თქმით,
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი დიდი ხანი არაა რაც გაიხსნა, ის უკვე
ხედავს განვითარებას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებში -
ბავშვები სწავლობენ სოციალიზაციას, უხარით მასწავლებლებთან ურთიერთობა
და ცდილობენ საკუთარი უნარების განვითარებას.
„ჩვენ ძალიან ცოტა ხანია ავმუშავდით და მათ უკვე
ერთმანეთის დანახვა ძალიან უხარიათ, აქედან წასვლა ძალიან უძნელდებათ,
მასწავლებლებიც უყვართ. ერთმანეთთან ურთიერთობას უფრო და უფრო
ეჩვევიან და გვახარებს ეს, რომ თანდათანობით უფრო მეტი სოციალური
უნარი შეიძინეს და სწავლობენ ერთმანეთის გაგებას,
ზრუნვას“. - ამბობს მარიამ დევნოზაშვილი
დმანისში ასევე განხორციელდა პროექტი „თაობებს შორის ტექნოლოგიური
ხიდი“, რომელიც ახალგაზრდებისა და მოხუცების სოციალიზაციას და მათი
უნარების გაუმჯობესებას უწყობდა ხელს. პროექტის ფარგლებში
ახალგაზრდებმა გაიარეს გადამზადება ციფრული უნარების მიმართულებით,
შეისწავლეს კოდინგი, ხოლო შემდგომ ახალგაზრდები აღნიშნულ უნარებს
მოხუცებს უზიარებდნენ.
16 წლის ზურა ედიბერიძემ პროგრამირება აღნიშნული პროექტის ფარგლებში
შეისწავლა, შემდგომში კი ასწავლიდა ბავშვებსა და ხანდაზმულებს. მისი
ყველაზე დიდი მოსწავლე 78 წლის იყო.
დმანისის ხანდაზმულთა ცენტრის ხელმძღვანელის, ეკატერინე ოქრიაშვილის
თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში დმანისის
ცენტრის ბენეფიციარები ბავშვებს სხვადასხვა საგანშიც ამეცადინებდნენ,
ვინაიდან მოხუცების უმრავლესობა ყოფილი პედაგი იყო.
„პროექტმა „თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი“ სამი თაობა
ერთმანეთს დააკავშირა, გააცნო და ასევე ეს ახალგაზრდები ჩაახედა
ჩვენთან ოფისში რა საქმიანობას ვეწევით და მივხვდით, რომ ისეთი
თაობები გვეზრდება, რომ ჩვენ არ გვეშინია მომავლის და პროექტის
დამფუძნებლებს, მესვეურებს, ვინც ხელი შეუწყვეს პროექტის
განხორციელებას, ყველას მადლობას ვეუბნები“. - გვითხრა
ეკატერინე ოქრიაშვილმა
CENN-მა ქვემო ქართლში განხორციელებული პროექტების მოსახლოეობისათვის
გასაცნობად მედია ტური მოაწყო. CENN-ის პროექტების მენეჯერმა და
დირექტორის მოადგილემ, ნინო თევზაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის
მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი სოციალური სერვისების შექმნაზე, ან
უკვე არსებული სერვისების გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტებში, რაც დღეს ჩვენ
ვნახეთ იყო ის, რომ ადგილებზე ჩვენ შევძელით სოციალური სერვისების
მიმწოდებლების გაჩენა. ეს სერიოზული პრობლემაა რადგან, იმ მოწყვლად
ჯგუფებს რომლებსაც სჭირდებათ ამ სერვისების მიწოდება, ხშირად, უხდებათ
დიდ ქალაქებში წასვლა იმისათვის, რომ ეს სერვისები მიიღონ და ეს
დამატებით პრობლემას ქმნის ამ ჯგუფებისთვის. ადგილებზე ასეთი
სერვისების და ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც მათ საჭიროებებზე
მორგებულ სერვისებს მიაწვდიან ბენეფიციარებს ძალიან მნიშვნელოვანია,
ამიტომ ჩვენ ამაყები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით ამ
დახმარების გაწევა შევძელით ამ სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები
მოსახლეობისათვის“. - გვითხრა ნინო თევზაძემ
თევზაძის განმარტებით, ევროკავშირის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა
მუნიციპალიტეტებს და სახელმწიფო ორგანოებს გადასცემოდათ გამზადებული
სოციალური პროგრამები, ხოლო ახლა სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს მუშაობა
და ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მუშაობს ქვემო ქართლისა და
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში და მის ფარგლებში 6 ინიციატივა
დაფინანსდა.