რატო აიყარა ახლადდაგებული გზის საფარი ქალაქ მარნეულის ქუჩებში
ქალაქ მარნეულში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ახლადდაგებული გზის საფარის ნაწილი აყარეს. რადიო „მარნეულს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი კომპანიის, რომელიც მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე მუშაობს, წარმომადგენელმა განუცხადა, რომ სამუშაოები საკანალიზაციო ჭების მოწყობისთვის მიმდინარეობს.

„დაგებულია ასფალტის პირველი ფენა, მეორე ფენაც უნდა დაიგოს. სანამ ასფალტის მეორე ფენა დაიგება, უნდა ამოიწიოს არსებული კომუნიკაციის ზედა თავები. ზოგადად, ასე ეწყობა ხოლმე, პირველი ფენა გადაეგება არსებულ ჭების თავებს და მეორე ფენის დაგების წინ მიმდინარეობს ამ ჭების ამოწევა, რომ ასფალტს გაუსწორდეს ჭების თავები“. - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo - Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei“.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები