როვშან და ეთიბარ ისკანდაროვების სასმართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისს გამოცხადდება
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში როვშან და ეთიბარ ისკანდაროვების დასკვნითი სასამართლო სხდომა დასრულდა.

სხდომაზე მხარეებმა, მათ შორის როვშან ისკანდაროვმა, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

როვშან ისკანდაროვის თქმით, ის უდანაშაულოა და არ სჭირდებიდა არჩევნების გაყალბება, რადგან სადახლოელების უმრავლესობა მას და "ქართულ ოცნებას" ისედაც უჭერდა მხარს.

მოსამართლე ვლადიმერ წითლაურმა როვშან ისკანდაროვის სიტყვის შემდგომ სასამართლო სხდომა დაამთავრა.

საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ, 20 ივნისს, გამოცხადდება. სასამართლო სხდომა 13:30 საათზეა ჩანიშნული.


როვშან ისკანდაროვი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან და ეთიბარ ისკანდაროვმა 2024 წლის 26 ოქტომბერს, სადახლოში გახსნილ N69 საარჩევნო უბანში არჩევნების გაყალბება სცადეს.

26 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ყრის საარჩევნო ბიულეტენების კონვერტებს როვშან ისკანდაროვი საარჩევნო ყუთში და მას ეთიბარ ისკანდაროვი ეხმარება.

როვშან და ეთიბარ ისკანდაროვები 31 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

ისკანდაროვებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე ტერცია მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები