მეუფე გიორგი ჯამდელიანი სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება
მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსჯ მეუფე გიორგი ჯამდელიანი 19 ივნისს
საქართველოს
საპატრიარქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება
“გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს”.
საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილის, გიორგი
შინჯიკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი, საეპისკოპოსო სასამართლოს,
განაჩენის შეჩერების რეკომენდაცია გასცა.
მეუფე გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ ასეთი განაჩენის ნებისმიერი
ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა
საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის
მთლიანობასაც.
“წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ქრისტესმიერ საყვარელო
სასულიერო პირებო და მორწმუნეებო,
სამღვდელმთავრო პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობითა და ჩვენი
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონებისა და საეკლესიო წესრიგის
გათვალისწინებით, ვალდებულად ვთვლი თავს გამოვეხმაურო საქართველოს
საპატრიარქოში არსებული გაფართოებული სინოდალური კომისიის
ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებას, რომელიც ეხება ჩვენი ეპარქიის
საეპისკიპოსო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის (ეპიტიმიის)
გაუქმებას.
პირველ როგში მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე, როგორც
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი და წმინდა სინოდის წევრი, ყოველთვის
მორჩილი ვრჩები ჩვენი წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის
კანონიკური წესრიგისა და ჩვენი საპატრიარქოს ერთიანობის მიმართ. თუმცა
მსურს პატივისცემით გამოვხატო ჩემი უთანხმოება აღნიშნულ
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ხარვეზებს
შეიცავს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონები (კერძოდ, 32-ე
სამოციქულო, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-5 და ანტიოქიის კრების
მე-6 კანონი) ნათლად ადასტურებენ, რომ სასულიერო და საერო პირების
განსჯასა და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები პირველ რიგში
ადგილობრივი ეპისკოპოსის (იხ. ასევე საქართველოს ეკლესიის
მართვა-გამგეობის დებულება VII თავის §17), ხოლო გასაჩივრების
შემთხვევაში ეკლესიის მეთაურის თავმჯდომარეობით მოწვეულ ეპისკოპოსთა
კრების კომპეტენციას მიეკუთვნება (იხ. საქართველოს ეკლესიის
მართვა-გამგეობის დებულება II თავის §9). გარდა ამისა, საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობა ცალსახად განსაზღვრავს, რომ
ეპარქიის ეპისკოპოსსა და სასულიერო ან საერო პირებს შორის წარმოშობილი
დავები შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ წმინდა სინოდის ან სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ (იხ. საქართველოს ეკლესიის
მართვა-გამგეობის დებულება IV თავის §28). თუმცა ორივე შემთხვევაში
(კათოლიკოს-პატრიარქთან ან წმინდა სინოდთან გასაჩივრების შემთხვევაში)
მომჩივანს/ბრალდებულს უნდა ჰქონდეს “საკმარისი საფუძველი თავიანთი
ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განაჩენის გასაჩივრებისათვის”
(საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება IV თავის §28) და
ანტიოქიის კრების მე-6 კანონის თანახმად მომჩივანი/ბრალდებული თავად
უნდა გამოცხადდეს მეორე ინსტანციის საეკლესიო სასამართლოზე და თავი
იმართლოს და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. თუმცა უნდა ითქვას, რომ
საქართველოს საპატრიატქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის მიერ
ამგვარი პროცედურა არ იქნა დაცული.
კანონიკური სასჯელის (როგორიცაა უზიარებლობით დასჯა) მოხსნა,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას საეპისკოპოსო სასამართლო აწესებს,
უნდა აღსრულდეს საეკლესიო კანონისა და კანონიკური წესრიგის მკაცრი
დაცვით. ასეთი განაჩენის ნებისმიერი ცალმხრივი ან კომპეტენტური
საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ
საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც.
მე კვლავაც ვლოცულობ და ვიტოვებ იმედს, რომ საკითხი საბოლოო
განხილვისთვის გადაეცემა სათანადო და კომპეტენტურ სინოდალურ ორგანოს,
ე.ი. საქართველოს მართლმადიებელი ეკლესიის წმინდა სინოდს (საქართველოს
ეკლესიის მართვა გამგეობის დებულება, II თავი, §1: “საქართველოს
ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა
და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ - საკანონმდებლო,
აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს.
ეკლესიის საეკლესიო კრებას - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს”),
სადაც საკითხი წმინდა კანონებით გათვალისწინებული პროცედურითა და
ეპისკოპოსთა ხმათა უმრავლესობით (იხ. ნიკეის პირველი მსოფლიო კრების
მე-6 კანონი) გადაწყდება ჩვენი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის
შესაბამისად და ყველა მონაწილის სულიერი კეთილდღეობის მიზნით. დაე
“ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ” (I კორ. 14: 40).
უფალმა მოგვანიჭოს სიბრძნე, გამჭრიახობა და ერთიანობა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი” - აღნიშნულია მეუფე
გიორგი ჯამდელიანის განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი
ჯამდელიანმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე,
გიორგი შინჯიკაშვილი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. მეუფე
გიორგიმ 6 ივნისს გამართა საეპისკოპოსო სასამართლო, სადაც მოსამართლე
და მსხვერპლიც თავად იყო.
საეპისკოპოსო სასამართლომ მონოზონ თელა კუბლაშვილის ჩვენების
საფუძველზე გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო. მეუფე გიორგის
განმარტებით, მონაზონმა მას გაუმხილა, რომ შინჯიკაშვილი დედაო თეკლას
მეუფის მოწამვლას აიძულებდა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე
პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლის
საფუძველზე დაიწყო, რაც განძრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
მეუფე გიორგიმ განაცხადა, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა და
ჩვენებას არ მისცემდა.
მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ასევე განაცხადა, რომ დედაო თეკლა
ეპარქიიდან წასული იყო და მასთან კონტაქტი აღარ ჰქონდა. ჟურნალისტმა
ელისო კილაძემ მონაზონ თეკა კუბლაშვილს ყაზბეგში, ერთ-ერთ საოჯახო
სასტუმროში მიაკვლია. კილაძის განმარტებით, მონაზონი მარნეულისა და
ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი ჯამდელიანს ჰყავს გადამალული და
აძლევს დირექტივებს თუ რა უნდა ილაპარაკოს.