წყალარინების სამუშაოების შედეგად დაზიანებული გზის საფარის აღსადგენად მარნეულში ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი ბოლნისის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, წყალმომარაგება -წყალარინების სისტემების სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაზიანებული საგზაო სამოსის აღდგენითი სამუშაოების შესასყიდად.

ტენდერის ღირებულება 96 000 ლარს შეადგენს და ქვემო ქართლის სამი მუნიციპალიტეტში საგზაო სამოსის აღდგენას მოიცავს.

 


დოკუმენტაციის მიხედვით, კონტრაქტორმა ადგილზე უნდა შეისწავლოს არსებული საგზაო სამოსის კონსტრუქცია და შესაბამისად აწარმოოს საფარის აღდგენითი სამუშაოები (ყველა

საჭირო და თანმხლები სამუშაოს გათვალისწინებით), რის შემდეგაც მოწყობილი საფარი შესაბამისობაში იქნება არსებულთან.

“მოწყობილმა ფენილმა არ უნდა განიცადოს ჯდენა და არ უნდა დაირღვეს ან გაუარესდეს გზის პროფილი. სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში დაცული უნდა იყოს შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესები, თანმიმდევრობა და ხარისხი. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას ეხუროთ ჩაფხუტები, ეცვათ სპეციალური გადასაცმელები, ხოლო სპეციალური სამუშაოები შესრულდეს სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სამშენებლო მოედანზე სამუშაოები იყოს ორგანიზებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას მშენებლობის უსაფრთხოება. “ - აღნიშნულია ტენდერში

ტენდერში მოცემული ხარჯთაღიცხვის მიხედვით, სამუშაოების უმეტესი ნაწილი ორმოების შევსებას გულისხმობს.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo - Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei“.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები