მოზარდს, რომელსაც 70-მდე ჭრილობა მიაყენეს, ამ დრომდე რჩება
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალს“- ის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში.
აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების ექიმების ძალისხმევით,
არასრულწლოვანი უკვე მოხსნილია აპარატიდან. როგორც რადიო „მარნეულს“
დაჭრილის ახლობლებმა განუცხადეს, მიღებული უმძიმესი ჭრილობებიდან
გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ რჩება სტაბილურად
მძიმე.
დაჭრის ფაქტი მარნეულის სოფელ ზემო ყულარში 10 ივლისს მოხდა, მოზარდის
პოვნა კი 11 ივლისს გახდა შესაძლებელი.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის
დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006
წელს დაბადებული ა.ა. არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ
მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, ნაცნობს 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს დანით სხეულის
სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი
სამედიცინო დახმარება უტარდება.”
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.
გარეკანის ფოტო:
რადიო "მარნეულის" არქივი