მოზარდს, რომელსაც 70-მდე ჭრილობა ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს.
ინფორმაციას მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალს“-ი ავრცელებს და ფეისბუქ
გვერდზე წერს, რომ ექიმების ძალისხმევით, სწრაფი რეაგირებითა და
პროფესიონალიზმით, პაციენტმა ურთულეს ოპერაციებს გაუძლო, ინტენსიური
მკურნალობის კურსი ჩაუტარდა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და დღეს
უკვე სამედიცინო დაწესებულებიდან გაიწერა.
“ჩემს სამუშაო გამოცდილებაში ძალიან იშვიათი და ემოციური
შემთხვევა იყო. პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს,
ჰქონდა შოკი, იყო კონტაქტური, ჰემოდინამიკა არასტაბილური, სხეულზე
მრავლობითი ჭრილობები. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შემდეგ,
გადავიყვანეთ საოპერაციოში, დამუშავდა ჭრილობები, ბავშვი
გადმოვიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე კვლავ დასჭირდა ოპერაციული
მკურნალობა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იყო. ქირურგების,
რეანიმატოლოგების და ჩვენი კლინიკის გუნდური მუშაობის შედეგია, რომ ეს
ბავშვი დღეს კარგად გრძნობს თავს,” - ამბობს ინგა
აბულაშვილი, მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსი”-ს
რეანიმაცია-ანესთეზიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
დაჭრის ფაქტი მარნეულის სოფელ ზემო ყულარში 10 ივლისს მოხდა, მოზარდის
პოვნა კი 11 ივლისს გახდა შესაძლებელი.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის
დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006
წელს დაბადებული ა.ა. არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი განზრახ
მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს
დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.”
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს.