ევროკავშირის მხარდაჭერით მარნეულში პირველი საკვირაო სკოლა გაიხსნა
მარნეული ერთ-ერთი მრავალეროვანი მუნიციპალიტეტია საქართველოში, სადაც ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნება ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს. ბავშვებისთვის სახელმწიფო ენის სწავლა ხშირად რთულია, განსაკუთრებით იმ ოჯახებში, სადაც სახლში ქართულად არ საუბრობენ. რამდენიმე თვეა, რაც სოფელ ყიზილაჯლოში ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა პირველი საკვირაო სკოლა, რომელიც ენის ცოდნას, ადრეულ განვითარებასა და ბავშვების სოციალურ ინტეგრაციას უწყობს ხელს.



პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია „თანაბარი შესაძლებლობები თანასწორობისთვის“ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“-სთან

ერთად, ევროკავშირის ფინანსური დამხარებით „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში, რომელიც СENN-ის მხარდაჭერით  მიმდინარეობს ქვემო ქართლსა და სამცხე- ჯავახეთში.

საკვირაო სკოლის პროექტის მენეჯერი, ფიდან ასკეროვა აღნიშნავს, რომ სივრცე ბავშვებისთვის ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ქართულის შესწავლა. ისინი ბილინგვურ აქტივობებში მონაწილეობენ, ერთდროულად ითვისებენ ახალ უნარებს, აძლიერებენ ადრეულ განვითარებას, ხოლო მშობლები პროცესში აქტიურად არიან ჩართულები.



„საბავშვო ბაღებშიც არის ბილინგვური მიდგომები, თუმცა ჩვენთან ის განსხვავებაა, რომ სპეციალისტები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ანუ, ქართულის, სომხურის და აზერბაიჯანული ენების პედაგოგები ერთად მუშაობენ გეგმის შედგენაზე, რომელსაც ერთად განახორციელებენ იმ 2 საათიან პროცესში, რასაც სწავლების პერიოდი მოიცავს. აქტივობები მოიცავს როგორც მოძრავ, ასევე სამაგიდო თამაშებს, სადაც მაგალითდ ერთ ჯგუფთან მუშაობს ქართული ენის მასწავლებელი, მეორე ჯგუფთან მუშაობს აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელი. თემა იგივეა, თუმცა აქტივობები შეიძლება განსხვავდებოდეს. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოვახდინეთ არსებული მეთოდოლოგიის ადაპტაცია. არის წიგნები, ბარათები ქართულ ენაზე, რომლის მიხედვითაც სწავლობენ ბავშვები სიტყვებს, წინადადებებს და შედეგი გვაქვს ძალიან კარგი. ამ ეტაპისთვის გვყავს 20 მოსწავლე. 5-6 და საჭიროების შემთხვევაში 7 წლის ბავშვები არიან ჩვენი ბენეფიციარები. რეალურად, საკვირაო სკოლის მიზანი მხოლოდ ენის ათვისება არაა, ასევე ხელს ვუწყობთ ადრეულ განვითარებას. ჩვენ ვასწავლით იმ მნიშნელოვან უნარებს, რაც შემდგომ უკვე სკოლაში გამოადგებათ ბავშვებს. ფაქტობრივად, ვამზადებთ სკოლისთვისაც. წინარე აკადემიურ უნარებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში შევქმენით მშობელთა კლუბიც. ის ბავშვები, რომლებიც ჩვენთან საკვირაო სკოლის ფარგლებში არიან ჩართულები, მათი მშობლებიც იმ 2 საათის განმავლობაში ჩვენთან არიან და მათ ვაწვდით იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მათ სჭირდებათ. თუნდაც, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა, რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს, როგორ უნდა იმუშაოს სახლში, მშობელმა როგორ მიაქციოს ყურადღება ბავშვის აკადემიურ უნარებს, აქტივობები დაგეგმოს, როგორ დააინტერესოს, გაჯეტებისგან როგორ დისტანცირდეს ბავშვი.“ - ამბობს ფიდან ასკეროვა.


ჟალა რუსტამოვა, მარნეულში მცხოვრები მშობელია, რომელმაც შვილი საკვირაო სკოლაში შეიყვანა. ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც ბავშვი ენის შესწავლის, საკუთარ უნარებს განვითარებს და სასკოლოდ მოემზადება.

„მარნეულში ეს არის პირველი სივრცე, სადაც დავდივართ. ჩემი შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენის კარგად სწავლა, სახლშიც აკეთებს დავალებებს, თვითონ კითხულობს და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ადგილების არსებობა. ძალიან მომწონს, რადგან დღეში 2 საათს უთმობენ ჩემს შვილს, რომ კარგად ისწავლოს ქართული ენა. განსაკუთრებულობა იმაშია, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ, კარგი მასწავლებლები არიან და ენასაც ძალიან კარგად ასწავლიან.„- გვიყვება ჟალე რუსტამოვა.


გარემოსდაცვითი ორგანიზაცია სენი წლებია ქვემო ქართლის რეგიონში სოციალური მიმართულებით მუშაობს, მათ შორის მარნეულშიც. ორგანიზაციამ საკვირაო სკოლა ევროკავშირის მხარდაჭერით დააფინანსა, რის შედეგადაც სკოლას აქვს სასწავლო რესურსები. მასწავლებლებს მიეცათ ტრენინგების საშუალებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, ხოლო ტერიტორიაზე მოეწყო გარე სივრცე.



როგორც CENN-ის პროექტის მენეჯერი, ნონო თევზაძე განმარტავს, პროექტს, რომელსაც 2022 წლიდან ახორციელებენ, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, 20-მდე ქვეგრანტი გაიცა.



“ძირითადად, ეს პროექტები მიმართული იყო სოციალური სერვისების ხარისხის და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, რასაც ჩვენ ვაწყდებოდით ორივე რეგიონში მუშაობისას. ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების და ექსპერტული კვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ სერვისები ერთის მხრივ არსებობს, თუმცა მათ შესახებ მოსახლეობას, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ინფორმაცია არ აქვს; მეორეს მხრივ კი გვაქვს სერვისები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე საჭიროებებით არ შეესაბამება. საკვირაო სკოლა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დასრულების შემდგომაც გააგრძელებს ფუნქციონირებას. აქ, 6-7 წლის ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ქართული ენა, როგორც მეორე მშობლიური ენა შეისწავლონ და სკოლისთვის მომზადებულები იყვნენ. ამ პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია მშობელთა კლუბის ჩამოყალიბებაცაა, სადაც მშობლებთან მიმდინარეობს მუშაობა, რათა მათ მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია: რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლისთვის მზაობა, როგორ დაეხმარონ ბავშვებს ამ პროცესში და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის ათვისება, როგორც მათთვის, ისე ბავშვებისთვის.”
- თქვა ნინო თევზაძე.

პირველი ბილინგვური საკვირაო სკოლა მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ფუნქციონირებს. სასწავლო პროცესში ჩართვა ნებისმიერ მსურველს, სწავლების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები