მარნეულის მერიამ ახალი წლისთვის მზადება დაიწყო - საშობაო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში 78 191 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალი წლის საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიების ორგანიზაბისათვის ტენდერი გამოაცხადა. მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 2025 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.

სატენდერო წინადადებაში აღნიშნულია, რომ ღონისძიების წამყვანები 35-40 წლამდე ქალი და 30-40 წლამდე კაცი უნდა იყოს, რომელსაც კარგად ეცოდინება ქართული და აზერბაიჯანული ენები. ტენდერში ასევე აღნიშნულია, თუ რა

მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მუსიკოსები.

„მუსიკალური ჯგუფი ან ბენდი- არანაკლებ 5 მუსიკოსის შემადგენლობით, არანაკლებ 1 სოლისტი; ასაკი - არანაკლებ 25 წლიდან. ბენდი უნდა ასრულებდეს საავტორო და ქავერ სიმღერებს, სასურველია რეპერტუარში შევიდეს რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერა. ( რეპერტუარი აუცილებელია შეთანხმდეს შემსყიდველთან). რეპერტუარის ხანგრძლივობა არანაკლებ - 60 წთ. სიმღერები უნდა შესრულდეს ცოცხალი ვოკალით“.


მარნეულელების წინაშე ასევე უნდა წარსდგეს ქალისა და კაცის დუეტი, რომელთაც სცენაზე დგომის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება ექნებათ და უნდა ასრულებდნენ ქართული და უცხოური სიმღერების ქავერებს.

სატენდერო წინადადების მიხედვით, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაფორმებული იქნება სხვადასხვა სახის დეკორაციებითა და ატრაქციონებით.

2026 წლის დადგომასთან დაკავშირებული საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვას მარნეულის მერია 78 191 ლარად გეგმავს. ტენდერი თვითმმართველობამ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 24-27 ოქტომბრის შუალედში შეეძლებათ.

ფოტო: არქივი
რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები