„ზანგეზურის დერეფანი“ 2030 წლისთვის შეიძლება ამუშავდეს - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აბულქადირ ურალოღლუ აცხადებს, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ - სომხეთზე გამავალი მარშრუტი, რომელსაც სომხეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ასე უწოდებენ ანკარა და ბაქო - 2030 წლისთვის შეიძლება „ამუშავდეს“.

„ზანგეზურის დერეფანი, შესაძლოა, 2030 წლისთვის ამუშავდეს“, - განუცხადა მან თურქეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს.

მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება დაიწყო შეერთებული შტატების მონაწილეობით და ელიან პროგრესს არაერთი მიმართულებით.

მისი თქმით, 2025 წელს თურქეთმა დაიწყო ყარსი-იღდირი-არალიქი-დილუჩუს რკინიგზის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ამ პროექტის ფარგლებში; ამასთან განაცხადა, რომ, თავის მხრივ, აზერბაიჯანიც მუშაობს რკინიგზის ნახიჩევანის სექციაზე.

ანკარამ 224 კმ-იანი რკინიგზის მშენებლობა 2025 წლის აგვისტოში დაიწყო.

სომხეთი, - რომელიც პროექტის ერთ-ერთი მხარეა, - თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ტერმინი „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებას, რადგან მსგავსი ტოპონიმი სომხურ ენაში არ გამოიყენება და ტერიტორია სიუნიქის პროვინციაა.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 2025 წლის 6 დეკემბერს დოჰაში მიმდინარე ფორუმზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ერევნის მიუღებლობას ამ ტერმინის მიმართ.

მან ასევე თქვა, რომ დარწმუნებულია, TRIPP-ი - ანუ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ - დიდ სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ რეგიონს, არამედ რეგიონს გარეთ არსებულ ბიზნესებსა და ქვეყნებს.

2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).

2025 წლის 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა საქართველოს გავლით.

წყარო: radiotavisupleba.ge


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები