ახალი ამბები
Human Rights Watch: საქართველოში ადამიანის
უფლებების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა საერთაშორისო უფლებადაცვითი
ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2026 წლის ანგარიშის თანახმად,
გასულ წელს საქართველოში ვითარება დამძიმდა. ორგანიზაცია აღნიშნავს,
რომ „ქართულმა ოცნებამ“ შემოიღო რეპრესიული კანონები სამოქალაქო
საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ, პოლიცია კი მშვიდობიანი
დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებულ ძალას იყენებდა. ანგარიშში
ნათქვამია, რომ რეპრესიებმა საქართველოს ევროკავშირისგან პოლიტიკური
იზოლაცია გამოიწვია.
ტექნიკური უნივერსიტეტი
„იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს
ბოდიშის მოხდას სთხოვს სტუ პროსახელისუფლებო არხებს დისკრედიტაციაში
ადანაშაულებს. უნივერსიტეტის განცხადებით, ტელეკომპანიებმა განგებ
აჩვენეს სარემონტო სივრცეები, რათა დაემტკიცებინათ, რომ
ინფრასტრუქტურა არასათანადოა, ხოლო რეალური ლაბორატორიები კადრში არ
მოხვდა. თუ მედიასაშუალებები ბოდიშს არ მოიხდიან, უნივერსიტეტი
კომუნიკაციების კომისიას მიმართავს.
რექტორების შეხვედრა მინისტრთან - მთავარი თემა
გაერთიანებაა თსუ-სა და სტუ-ს რექტორები პარასკევს, 6 თებერვალს,
განათლების მინისტრ გივი მიქანაძეს შეხვდებიან. ჯაბა სამუშიას
განცხადებით, საუბარი შეეხება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების როგორც
ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ საკითხებს.
ხელისუფლების არაღიარება შესაძლოა დასჯადი გახდეს
„ქართული ოცნება“ განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც,
მოქალაქეებს, რომლებიც საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების
ლეგიტიმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
მმართველი გუნდი მაგალითად გერმანიას იშველიებს, სადაც კონკრეტული
ექსტრემისტული ჯგუფი აიკრძალა.
საქსტატის ხელმძღვანელის ვადები იცვლება პარლამენტმა
პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის დირექტორს თანამდებობის დაკავება ორზე მეტი ვადით
შეეძლება. ოპოზიცია ამას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და
მიიჩნევს, რომ მიზანი მონაცემების მანიპულაციაა.
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები თბილისში 30
იანვარსა და 2 თებერვალს თბილისის აეროპორტში აშშ-ის სამხედრო
სატვირთო თვითმფრინავები დაეშვნენ. საელჩოს განმარტებით, ეს
ლოგისტიკური ოპერაციების ნაწილია და რეგიონულ დაძაბულობასთან კავშირი
არ აქვს.
კანონი გრანტების შესახებ გამკაცრდა პარლამენტმა
პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გრანტების წესების
დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას
ითვალისწინებს. ასევე, პირს, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციაში მუშაობდა, 8 წლით ეკრძალება პარტიის წევრობა.
სურსათის ფასებზე კომისია შეიქმნა პარლამენტმა
სურსათის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას დაუჭირა
მხარი. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ შეისწავლიან მაღალ
ფასნამატებს. პარალელურად, სუს-მა სუპერმარკეტებიდან დოკუმენტების
ამოღება უკვე დაიწყო.
გიორგი ბარამიძეს ოკუპირებულ დონეცკში პატიმრობა
მიუსაჯეს ე.წ. დონეცკის სასამართლომ ენმ-ის პოლიტიკურ მდივანს, გიორგი
ბარამიძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის დაუსწრებლად 6 წლითა და 6
თვით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთი მასზე საერთაშორისო ძებნას
აცხადებს.
ეროვნული გამოცდები და რეორგანიზაციის ვადები
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, წელს ეროვნულ გამოცდებზე
შეზღუდვები არ იქნება და აბიტურიენტები უნივერსიტეტებს ჩვეულ რეჟიმში
აირჩევენ. უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესი კი მინიმუმ 6 თვეს
გაგრძელდება. ასევე, იგეგმება ბაკალავრიატის 3-წლიან სწავლებაზე
გადაყვანა.