ცენზურა ბათუმის თეატრში — პრემიერა „პოლიტიკური მოტივით“ გაუქმდა
ბათუმის დრამატულმა თეატრმა რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლის, „DARK WEB“-ის პრემიერა გააუქმა, რასაც საზოგადოების ნაწილი ცენზურის გამოვლინებად აფასებს. თეატრის ადმინისტრაციამ ოფიციალურ მიზეზად „სუბიექტური პოლიტიკური აქტის“ მოლოდინი დაასახელა და განაცხადა, რომ სცენაზე პოლიტიკის შემოტანა „ხელოვნების ჩარჩოებს სცილდება“.

გადაწყვეტილება პრემიერამდე სულ რაღაც ორი დღით ადრე მიიღეს, მაშინ, როცა 7 თებერვლისთვის ჩანიშნულ სპექტაკლზე ბილეთები სრულად იყო გაყიდული. აღსანიშნავია, რომ გეგა გაგნიძის

საავტორო სპექტაკლი ციფრულ სამყაროში ძალადობისა და სისასტიკის თემებს იკვლევდა. თავად რეჟისორი კი ღიად უჭერს მხარს პროევროპულ დემონსტრაციებს და დაკავებულ მსახიობებს.

ცენზურის ნიშნებზე მიუთითებს თეატრის მმართველობის პოლიტიკაც — 2025 წლის დეკემბრიდან თეატრს მსახიობი კოტე მჟავია ხელმძღვანელობს, რომელმაც ამ პოსტზე „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ნუკრი ქანთარია ჩაანაცვლა. თეატრის დირექტორს აჭარის კულტურის სამინისტრო ნიშნავს. ადმინისტრაცია მაყურებელს ბილეთების თანხის დაბრუნებას ჰპირდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები