“ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია” – საგარეო ახალქალაქში აღმართულ ძეგლზე
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტის საკითხზე “ელჩების მეშვეობით შედგა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა როგორც თბილისში, ასევე აზერბაიჯანში”.

სამინისტროდან ნეტგაზეთს მისწერეს, რომ “აზრებაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა”.

“ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია”, – აცხადებს საგარეო უწყება. საქმე ეხება ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში მთიანი ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტს.

ბუღაშენში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც ეთნიკურად სომეხია, თითქმის 25 წელია, სოფლის მკვიდრის, მიხეილ ავაქიანის, ბიუსტი დგას. ავაქიანი. როგორც ახალქალაქის მერიაში გვიდასტურებენ, მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის ომში და 1994 წელს დაიღუპა, მისი ბიუსტი კი სოფლის ძველი სკოლის ეზოში, სადაც იგი დადიოდა, მალევე დადგეს.

ბიუსტი, ახალქალაქის მერის თანახმად, პირველადი სახით მისმა ძმამ და ბიძაშვილმა აღმართეს; დროთა განმავლობაში ბიუსტი დაზიანდა და ახლახან მისმა ნათესავმა საკუთარი ფინანსებით აღადგინა ისე, რომ სახელმწიფოს ფული ამისთვის არ გამოუყვია. მისი ცნობით, ამავე ადამიანის ფინანსებით შემოარტყეს ძეგლს ღობე.

განახლებული ძეგლის გახსნას 20 იანვარს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები — ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და სხვები.

უნანიანი ამბობს, რომ იგი “სოფელმა მიიწვია” ღონისძიებაზე და ამიტომ მივიდა იქ. ენზელ მკოიანის ნომერზე მისმა მძღოლმა გვიპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მკოიანი შეხვედრაზე იყო, არ ეცალა და როცა მოიცლიდა, თავად დაგვირეკავდა; ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა, დაესვა კითხვა, რატომ და ვინ გადაწყვიტა, ღონისძიების ჩატარების თარიღად 20 იანვარი აერჩია, რაც ემთხვევა ბაქოში 1990 წელს მომხდარ, ე.წ “შავი იანვრის” მოვლენებს.


წყარო: ნეტგაზეთი
Print