კოალიცია თანასწორობისათვის ჯაშს მოუწოდებს, რომ საკუთარ განცხადებაზე განმარტებები გააკეთოს
კოალიცია თანასწორობისთვის დეპუტატი მარიამ ჯაშის მიერ, 2019 წლის 26 თებერვალს, გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ჯაში ამბობს, რომ „აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართვეოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს, როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.“

კოალიცია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, რომ გადახედოს საკუთარ განცხადებას და გააკეთოს დამაზუსტებელი ახალი საჯარო განცხადება, რათა მსგავსი შინაარსის პოლიტიკურმა ტექსტებმა ხელი არ შეუწყობს არადომინანტ ჯგუფებში გარიყულობის განცდას.

„ცხადია, ვიაზრებთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი თემის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და მათ შორის, მათ მიმართ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პრაქტიკებს და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიების დაწყება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მნიშვნელოვანია. მეტიც, კოალიციის წევრები მზად არიან ამ პროცესში კონტრიბუცია შეიტანონ. თუმცა, მარიამ ჯაშის განცხადებაში პრობლემას ის აზრი ქმნიდა, სადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები აზერბაიჯანელი თემი სხვა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების საგნად განიხილა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნაცვალგების მიდგომა გამოიყენა. საკუთარი მოქალაქეების სხვა სახელმწიფოსთან პირდაპირი დაკავშირება არსებითად აზიანებს ინტეგრაციის პროცესს და აღრმავებს ეთნიკური უმცირესობების გარიყულობასა და იზოლაციას. სამწუხაროა, რომ დეპუტატს სახელმწიფოს და მოქალაქეობის კონსტიტუციური იდეის ძირეული პრინციპები სათანადოდ არ ესმის და საკუთარ მოქალაქეებს ერთგვარად ახარისხებს.“ - წერია კოალიცია თანასწორობისათვის განცხადებაში

კოალიციის განცხადებაში წეია, რომ ჯაში საკუთარი განცხადებიდან გამომდინარე ვერ ხედავს, ჩვენს რეალობაში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მხრივ და საქართველოს აზერბაიჯანელებს მეზობელ ქვეყანასთან აიგივებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები