„არანორმალურია, მაგრამ ნორმალურია“ - იმამკულიევი მარნეულის პოლიტიკაში ქალთა ჩართულობაზე
„არანორმალურია, მაგრამ ნორმალურია“ – ასე გვიპასუხა „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა კითხვაზე, თუ რატომ არ არიან ქალი ლიდერები მისი პარტიის მარნეულის ორგანიზაციაში და რატომ არ იყო არცერთი ქალი მისი მერის კანდიდატურის წარდგენაზე.

იმამკულიევის თქმით, ის მარნეულში პირველი კანდიდატი იყო, რომელიც ქალებს 2014 წელს შეხვდა, მაგრამ სახელისუფლებო პარტიის მიერ ქალებისა და მათი ოჯახის წევრების დაშინებით და ფინანსური შეზღუდვის მუქარით პარტიაში ქალები აღარ მივიდნენ.

„ეს არ არის პარტიული პრობლემა, ესაა სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკა. არასწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, რადგან როდესაც ქალბატონები ხედავენ, რომ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები მათ მხოლოდ არჩევნებიდან არჩევნებამდე  ხვდებიან. ქალები კი ოპოზიციასთან ვერ მოდიან, იმიტომ რომ ფიქრობენ, ოპოზიციაში რა უნდა გავაკეთო, ხვალ ვერ დავსაქმდბიო და მიდიან კერძო სტრუქტურებში.“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევმა რადიო „მარნეულის“ ეთერში ასევე თქვა, რომ მერად გახდომის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მარნეულში მცხოვრებ ქალებს უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ იმისათვის, რომ მეტად აქტიურები იყვნენ და დაიკავონ ის თანამდებობები, რასაც თავიანთი შრომით მიაღწევენ.

„აი გენდერული ბალანსიო რომ საუბრობენ, მე არ ვთვლი რომ სწორია მარტო იმისთვის, რომ დააყენოს ქალბატონი, რადგან ის ქალიბატონია.“ - იმამკულიევმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც გაიხსენა და თქვა, რომ მან წარმატებას მხოლოდ საკუთარი შრომით მიაღწია.

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი არ მიიჩნევს, რომ ქალებს წარმატების მისაღწევად კაცებზე მეტი შრომა სჭირდებათ. – „საბოლოო ჯამში, ქალბატონიც და მამაკაციც არიან ერთდროულად ადამიანები და ორივეს აქვს ზუსტი დოზით მიღებული ძალაუფლება.“

იმამკულიევი გენდერული პრობლემების არსებობას არასწორი პოლიტიკის გატარებას აბრალებს და ამბობს, რომ წლების განმავლობაში სახელისუფლებო გუნდები ამ მიმართულებით არასწორ პოლიტიკას ატარებდნენ, რის გამოც საზოგადოება ვერ განვითარდა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები