სახელისუფლებო კანდიდატი ოპოზიციას პროვოკაციაში ადანაშაულებს
მარნეულის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ზაურ დარგალი მიიჩნევს, რომ მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ პროვოკაციებს აქვს ადგილი.

„ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციის მცდელობებია, მაგრამ არაფერი გამოდის. არაფერი გამოუვათ იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ მოსახლეობის სრული მხარდაჭერა გვაქვს და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ისინი უკვე ატყობენ, რომ არჩევნებს აგებენ და ცდილობენ კონკრეტულ უბანზე პროვოკაციები მოაწყონ“, -აცხადებს ზაურ დარგალი.


"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი პროვოკაციის კონკრეტულ ფაქტებს ვერ ასახელებს.


"ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი საპასუხოდ ხელისუფლებას ადანაშაულებს.


"რა პროვოკაციაზე საუბრობენ? თვითონ არიან პროვოკატორები, თვითონ ახდენენ ზეწოლას ხალხზე და კიდევ ჩვენ ვართ პროვოკატორები? კარგად ჩანს ყველაფერი, რასაც დღეს ქართული ოცნება საარჩევნოდ აკეთებს. თვითონ აშანტაჟებენ და ემუქრებიან ხალხს და პროვოკატორებს მერე ჩვენ გვიწოდებენ", - გვითხრა აგილ მუსტაფაევმა.


15:00 საათისთვის ცესკო-ს მონაცემებით, მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებზე ხმა 22 553-მა ამომრჩეველმა მისცა. მარნეულში ამომრჩეველთა რაოდენობა 99 717-ია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ( 99 173 ამომრჩეველი) 544 ამომრჩევლით არის გაზრდილი. მარნეულის 22-ე ოლქში 90 საარჩევნო უბანია, მათ შორის 15 მარნეულში მდებარეობს, 75 კი 84 სოფელშია განაწილებული. მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში 15 კანდიდატი მონაწილეობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები