აზერბაიჯანელი უფლებადამცველის დაკავებას ოჯახის წევრები მის საქმიანობას უკავშირებს
აზერბაიჯანელი უფლებადამცველის, ავთანდილ მამედოვის, დაკავებას ოჯახის წევრები მის საქმიანობას უკავშირებენ.

დაკავებულის ცოლის გუნელ მამედოვას თქმით, ავთანდილი 12 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებებს იცავდა და ამ მიმართულებით ადვოკატადაც მუშაობდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ავთანდილ მამედოვს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პრობლემები მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეექმნა. სწორედ ამიტომ, ავთანდილმა და მისმა ოჯახმა წელიწადნახევრის წინ აზერბაიჯანი დატოვა და საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.

დაკავებული უფლებადამცველის ცოლის განცხადებით, მამედოვს რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და მას ეშინოდა, რომ აფგან მუხთარლის მსგავსად მასაც გაიტაცებდნენ და აზერბაიჯანში კანონდარღვევით გადაიყვანდნენ.

მამედოვის უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს. ჩოფიკაშვლილის განცხადებით, მამედოვმა და მისმა ოჯახმა აზერბაიჯანი 2017 წელს დატოვა, რა დროსაც საქართველოს შესაბამის უწყებებს მიმართა რათა მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის ჰუმანიტარული სტატუსი მიეცათ. მიგრაციის დეპარტამენტმა მამედოვების ოჯახს ჰუმანიტარული სტატუსი არ მიანიჭა. მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება კი სასამართლოში გაასაჩივრეს.

ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ავთანდილის სასამართლო სხდომები მიმდინარეობდა, ის კვლავ აგრძელებდა მისი საქმიანობის - „მამედოვი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის „არასასურველ“ საქმიანობას კვლავ აგრძელებდა და აფგან მუხთარლის გატაცებიდან 2 წლის შემდეგ ის იყო საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც როგორც ჩანს აზერბაიჯანის ხელისუფლების ყურადღება მიიქცია“.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ავთანდილ მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით, თაღლითობისთვის იძებნებოდა.

„აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლი გულისხმობს არაერთგზის თაღლითობას. სწორედ ამ მუხლით იძებნებოდა ავთანდილ მამედოვი წითელი ცირკულარით.“ - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში

შსს-ში განმარტავენ, რომ მამედოვი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფება და ექტრადირების პროცედურების გავლის შემდგომ, შესაძლოა, აზერბაიჯანში გადაიყვანონ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები