„ვფიქრობ, რომ გახარიას გადადგომა დაუსაბუთებელი მოთხოვნაა“ - მარნეულელი მაჟორიტარი
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ რუსლან გაჯიევი ერთ-ერთია იმ 91 დეპუტატს შორის ვინც 26 ივნისს გენერალურ პროკურორს დეპუტატ ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობა განუცხადა.

რუსლან გაჯიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უბრალოდ მანდატის შეჩერებაა და მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს პროკურატურაში. როგორც ჩვენ კომიტეტის და პლენარულ სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა აგვიხსნეს, იქ არის სხვადასხვა საკითხები. ამის გამო შევუჩერეთ ნიკა მელიას უფლებამოსილება.“ - ამბობს რუსლან გაჯიევი

რადიო „მარნეულის“ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულება, რომ მელიასათვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტისათვის მიემართა გაჯიევმა უპასუხა, რომ მისი აზრით ჰქონდათ, მაგრამ ვერ აკონკრეტებს თუ რა მტკიცებულებებით საბუთდება მელიას ბრალეულობა და ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

რაც შეეხება რუსთაველზე მიმდინარე აქციებს და მთავარ მოთხოვნას, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენებას, გაჯიევი ამბობს, რომ ორი მთავარი მოთხოვნა, საპარლამენტო არევნების 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩატარება და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა საკმარისია.

„ვფიქრობ, რომ გახარიას გადადგომა დაუსაბუთებელი მოთხოვნაა“ - ამბობს რუსლან გაჯიევი

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნიდან ორი უკვე შესრულდა, აქციები მაინც გრძელდება და მონაწილეები მთავარი მოთხოვნის, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისათვის იბრძვიან.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები