პროპორციული არჩევნები ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით განსაზღვრული პარტიების შექმნასთან კავშირში არაა - ბაკურ კვაშილავა
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და უბარიეროდ ჩატარდება. პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის უმრავლესობა თანხმდება, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოში დემოკრატიის დონეს გაზრდის, მაგრამ ბარიერის არარსებობის გამო გარკვეულ საფრთხეებს მაინც ხედავენ.

ერთ-ერთი საშიშროება, რაც შესაძლოა უბარიერო არჩევნებმა გამოიწვიოს ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შექმნილი პარტიების ჩამოყალიბება და საქართველოს პარლამენტში შესვლაა.

„ნულოვანი ბარიერის ყველაზე დიდი საშიშროება ე.წ. ეთნიკური პარტიების გაჩენაა. მაგალითად, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში დიდი რისკია აზერბაიჯანული და სომხური პარტიების გაჩენის, რომლებიც ბუნებრივ ბარიერს ცხადია დაძლევენ.

სახელმწიფოსთვის ეს შეიძლება კატასტროფიული შედეგის მომტანი იყოს. „
- წერს ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად საფრთხეებისა, ოპოზიციამ პროპორციული არჩევნების სისტემა არ უნდა ჩააგდოს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა ბაკურ კვაშილავამ თქვა, რომ პროპორციულ არჩევნებს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკური ორგანიზაციის რეგისტრაციასთან, რომელიც ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით იქნება განსაზღვრული.

„საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია ეთნიკური და რელიგიური ნიშნით პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძვნება და მისი ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, თუ ოფიციალურად შევხედავთ ამ საკითხს, მაშინ ასეთი პარტიები არალეგალური იქნებიან კანონის წინაშე, ხოლო თუ პრაქტიკული თვალსაზრისით ვიტყვით და გავაკეთებთ იმას, რომ არ დავარქმევთ ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობის პარტიას, მაგრამ რეალობაში ასე იქნება, მერე უკვე სასამართლოს დაეკისრება ფუნქცია, რომ განსაზღვროს არის თუ არა ეს ორგანიზაცია შინაარსობრივად კანონთან წინააღმდეგობაში“. - გვითხრა ბაკურ კვაშილავამ

არჩევნების პროპორციული სისტემითა და უბარიეროდ ჩატარებაში საფრთხეს ვერ ხედავს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვიც. მისი თქმით, თუ საუბარი მიდის ეთნიკური უმცირესობების ჩართულობაზე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, თუ პარტიებმა თავად არ ჩამოაყალიბეს ღირებულებების კრიტერიუმები, რომლითაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარ პარტიაში მიიღებენ და სიაში ჩასვავენ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში, 24 ივნისს, განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ფონზე მიიღო, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები