ოქტაი ქაზუმოვი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი გახდა
სამოქალაქო აქტივისტი ოქტაი ქაზუმოვი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი გახდა.

მამუკა ხაზარაძემ დღეს, 11 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა, რომელთა შორის ფილოლოგი და თარჯიმანი ოქტიაი ქაზუმოვიცაა.

როგორც ქაზუმოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, ქართულ საზოგადოებრივ საქმიანობაში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები აქტიურად არ არიან ჩართულნი.

„სამოქალაქო აქტივიზმის კულტურა ჩვენთან ნელ-ნელა ყალიბდება და ამან ახლა შეაღწია ეთნიკური უმცირესობების წიაღში. მე ვფიქრობ, რომ ყველა ვინც არის ამ თემაზე მოწოდებული სათანამშრომლოდ, ინტეგრაციის საკითხები იქნება, ჩართულობის საკითხები იქნება თუ სხვა, ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ. საზოგადოებრივი მოძრაობა ჩემთვის არის ძალიან კომფორტული სივრცე, სადაც მე შემიძლია თემის წუხილები მივიტანო და შევეცადო გუნდთან ერთად მათი გადაწყვეტა“ - განაცხადა ოქტაი ქაზუმოვმა

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნისას დააანონსა, რომ რამდენიმე თვეში პოლიტიკურ პარტიასაც შექმნის. როგორც ქაზუმოვმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ პარტიის წევრი გახდეს.

„ჯერ არ ვაპირებ, რადგან შემოთავაზებებიც არ ყოფილა, მაგრამ ვნახოთ. ყველაფერი მოლაპარაკებაზე, შემოთავაზებაზეა დამოკიდებული და ბევრი სხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი. მე თუ ვიგრძენი, რომ ის რესურსი, რაც მე გამაჩნია, პარტიისთვისაც იქნება სამყოფი მაშინ, რა თქმა უნდა“ - გვითხრა ოქტაი ქაზუმოვმა

ქაზუმოვმა „ლელოში“ გაწევრიანების ცერემონიალზე ისეთ თემებზე ისაუბრა როგორიც ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა და ახალგაზრდების მიგრაციაა.

მამუკა ხაზარაძემ ახალი მოძრაობა “ლელო” 12 სექტემბერს დააფუძნა.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები