მუნიციპალიტეტის და შპს-ს ხელმძღვანელები არ/ვერ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით - აუდიტის დასკვნა შპს „მარნეულის სოფწყალზე“
მარნეულის მუნიციპალიტეტის „სოფწყალმა“ 2012 წელს იმირში მდებარე ჭაბურღილი იჯარით აიღო, რაშიც ის 36 000 ლარს იხდიდა. 2012 წლიდან შპს „სოგურმა“, რომელიც ჭაბურღილის მფლობელია, იჯარის ხელშეკრულება 2017 წლამდე ხუთხერ გაზარდა. 2017-2019 წლებში მერია აღნიშნული ჭაბურღილის იჯარაში 180 000 ლარს იხდიდა.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის „სოფწყალის“ დირექტორის მოადგილე ალეკო მომუკაშვილმა თქვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ტარიფის ზრდას ყოველწლიურად ეთანხმებოდა.

„იჯარის გაზრდასთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტს წერილობით მივწერეთ, საკრებულომაც განიხილა, ვსაუბრობ ბოლო გაზრდაზე, ამ დროს აბაზოვი იყო მარნეულის მერი. იქედან გამომდინარე, რომ კომპანია არ აკლებდა ფასებს, შეთანხმდენ იმაზე, რომ სხვა ალტერნატივა არ იყო, 17 სოფელი ვერ მომარაგდებოდა წყლით და სწორედ ამიტომ მოხდა შეთანხმება“ - ამბობს ალეკო მამუკაშვილი

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა არ უნდა დათანხმებულიყო კომპანია „სოგურის“ მოთხოვნებს. მერიას, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, უნდა მიერმართა შესაბამისი ორგანოებისათვის, რადგან „სოგური“ წარმოადგენდა დომინირებულ კომპანიას, ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება კი კანონმდებლობით ისჯება.

„აღნიშნული კანონი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის საკითხებს (კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით ჯარიმის დაკისრებას) და დაინტერესებული პირის უფლებას - პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისა და დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მიუხედავად აღნიშნულისა მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არანაირი სამართლებრივი ღონისძიება არ განუხორციელებიათ“. -წერია აუდიტის დასკვნაში

მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით რადიო „მარნეულთან“ საუბარი არ ისურვა.

„სახელმწიფო აუდიტმა ამაზე დადო დასკვნა, რომელიც გადაცემულია სადაც საჭიროა იქ და როდესაც გაირკვევა სიტუაცია, მაშინ მიიღებთ ყველაფერზე პასუხს“ - გვითხრა ზაურ ტაბატაძემ

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის და შპს-ს ხელმძღვანელები არ/ვერ მოქმედებდნენ მუნიციპალიტეტის ინტერესების გათვალისწინებით, შედეგად დიდი ოდენობის ფინანსური ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს.

„არსებობს რისკი, რომ სხვადასხვა პასუხისმგებელი პირები მიმწოდებლებთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ მუნიციპალური ინტერესების საზიანოდ. ყველა რისკის სათანადოდ შესწავლა კერძო სამართლის სუბიექტების მიმართ სხვადასხვა პროცედურის ჩატარებას საჭიროებს, რისი მანდატიც აუდიტის ჯგუფს არ აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია საკითხი დამატებით შესწავლილ იქნას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“. - წერია აუდიტის დასკვნაში

როგორც რადიო "მარნეულს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

რადიო „მარნეული“

Print