შვებულების დროს, მარნეულის საჯარო მოხელეებმა სახელმწიფო ხარჯზე, 9 000 ლიტრი საწვავი გამოიყენეს - სახელმწიფო აუდიტის ანგარიში
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით გამოყოფილ საწვავს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.

2017 წლის მონაცემების მიხედვით, მარნეულის მერიის ბალანსზე 31 ავტომანქანა ირიცხებოდა, როდესაც საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით რეკომენდირებულია 7-8 მორიგე ავტომანქანის არსებობა. 2018 წელს კი მანქანების რაოდენობამ 13 შეადგინა. მუნიციპალიტეტი თანამშრომლებისათვის საწვავის ხარჯების ანაზღაურებისათვის იყენებს სპეციალურ სისტემას „აგაი“, რომელიც საწვავის ხარჯვის მიზნობრიობას განსაზღვრავს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში აგაი სისტემა სამსახურებრივი მანქანებიდან დამონტაჟებული იყო 2017 წელს 31 ავტომანქანიდან 23 ერთეულზე და 2018 წელს 13 ავტომანქანიდან 7 ერთეულზე, ხოლო კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანებიდან 2017 წელს 64 ავტომობილიდან 32 ერთეულზე, ხოლო 2018 წელს 67 ავტომობილიდან 26 ერთეულზე“. - წერია აუდიტის დასკვნაში

ანგარიშის მიხედვით, დანარჩენ შემთხვევებზე საწვავის ჩასხმა უნომრო პლასტიკური ბარათებით განხორციელდა. 2017-18 წლებში უნომრო პლასტიკური ბარათებით გამოყენებული საწვევის რაოდენობამ 194 700 ლიტრი შეადგინა, რაშიც მერიამ 386 600 ლარი დახარჯა. აქედან 242 200 ლარის ღირებულების 121 400 ტონა საწვავი გახარჯულია კერძო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

„საჯარო მოსამსახურეებმა 114 ტონაზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც სავარაუდოდ არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. მაგალითად, 2017-2018 წლებში, ერთ-ერთი ავტომანქანით მოსარგებლეს გამოეყო 6300 ლიტრი საწვავი. მათ შორის აღნიშნულ ავტომობილში, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული ავტოგასამართი სადგურების გარდა, 1800 ლიტრზე მეტი (>29%) საწვავი ჩასხმულია თბილისის, რუსთავის, ზესტაფონის, სენაკის, ზუგდიდისა და სხვა ტერიტორიაზე“ - წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში

აუდიტის სამსახურს ასევე მოყვანილი აქვს სხვა მაგალითებიც, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში სამსახურებრივი მივლინება მოხელეებს არ ჰქონდათ რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშაა თუ რატომ ჩაასხეს საწვავი ისეთ ადგილებში როგორიცაა სენაკი, ზესტაფონი, ზუგდიდი და სხვა.

2017-18 წლებში 9 000 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს საედანაც 3 700 ლიტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის გარეთ, ისეთ ტერიტორიებზეა გამოყენებული როგორიცაა თბილისი, თელავი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ჩაქვი, ბათუმი და სხვა.

ასევე, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საწვავის ხარჯვა დაფიქსირდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში მყოფი პირების სარგებლობაში არსებულ მანქანებზე.

აუდიტის სამსახურმა ასევე გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ერთ და იმავე მანქანაში, როის მოკლე მონაკვეთში, ჩაასხეს 100 ლიტრზე მეტი საწვავი, რაც მანქანის ავზის მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია. აუდიტის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალური საწვავისთვის განკუთვნილ პლასტიკურ ბარათებს არაუფლებამოსილი პირები იყენებენ.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულ ერთ-ერთ ავტომანქანაში 2017 წლის 31 ივლისს 9-ჯერ იქნა ჩასხმული საწვავი 180 ლიტრის მოცულობით, მათ შორის 140 ლიტრი 17:52 სთ-დან 20:33 სთ-მდე ინტერვალში. (ავტომობილის ავზის მოცულობა 65 ლიტრი).“ - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები