რუსლან გაჯიევმა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი ბიძინა ივანიშვილის გამო დაუჭირა
მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან გაჯიევმა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით აზრი ერთ დღეში შეიცვალა. 13 ნოემბერს, რუსლან გაჯიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარს ადრე უჭერდა, მაგრამ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს აზრი შეიცვალა.

დღეს, 14 ნოემბერს, გაჯიევმა აზრი კიდევ ერთხელ შეცვალა და პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო მხარი დაუჭირა.

როგორც გაჯიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, მან აზრი ბიძინა ივანიშვილთან, 13 ნოემბრის საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა.

„ბატონი ბიძინას თხოვნა იყო, რეკომენდაცია, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. როგორც ჩანს საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის თხოვნაც ასეთია და სწორედ ამიტომ დავუჭირე კანონპროექტს მხარი“ - რუსლან გაჯიევმა ასევე აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე რადიო „მარნეულში“ 13 ნოემბერს გასულმა სიუჟეტმაც იმოქმედა.

მიუხედავად იმისა, რომ გაჯიევმა აზრი შეიცვალა და კანონპროექტს მხარი დაუჭირა, 2020 წელს არჩევნები მაინც შერეული, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით და 3%-იანი ბარიერით ჩატარდება.

საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო. კანონპროექტის მომხრე 101 დეპუტატი იყო, კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები