შშმ პირთა მერის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებთან დაკავშირებით მარნეულში შეხვედრა გაიმართა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებისათვის დღეს, 27 ნოემბერს, სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე მარნეულის მერის მრჩეველთა საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძემ თქვა, შეხვედრაზე იმ ფუნქციების შესახებ ისაუბრეს, რაც შშმ პირების საბჭომ უნდა შეასრულოს.

„მერია მუშაობს ახლა ამ რეგულაციების ჩამოყალიბებაზე და დღეს, ჯერ-ჯერობით არაა გაფორმებული სია, თუ ვინ იქნება ამ საბჭოს წევრები, მაგრამ დღეს ჩვენ ვესაუბრებით მათ თუ როგორ შეუძლიათ შშმ პირთა საბჭოსთან ურთიერთობა“ - გვითხრა ოლგა ენდელაძემ

ენდელაძე იმედს იტოვებს, რომ საბჭო რეალურად მოქმედი იქნება და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს, რაც შშმ პირების მიმართ მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებას გულისხმობს.

„უკვე ცნობილია, რომ საბჭოში უნდა იყოს მინიმუმ ექვსი შშმ პირი სხვადასხვა კომპეტენციის ფარგლებში, ანუ იქნებიან უსინათლო თემის წარმომადგენლები, ყრუ-მუნჯთა თემის წარმომადგენლები, ეტლით მოსარგებლეთა წარმომადგენლები, შშმ ბავშვთა მშობლების წარმომადგენელი და ა.შ. საბჭოს წევრებმა თვითონაც უნდა იმუშაონ შესაბამის ჯგუფთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი უნდა იყვნენ ერთგვარი დამაკავშირებლები და ინფორმაციის არხი სხვადასხვა ჯგუფებსა და მერიას შორის“ - ამბობს ოლგა ენდელაძე

მარნუელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში შშმ პირთა მერის მრჩეველთა საბჭოს შექმნა 2019 წლის დეკემბერში იგეგმება.

რადიო „მარნეული“

Print