ანტიდისკრიმინაციული კანონის მნიშვნელობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის
რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფისათვის 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი მიიღო.

დღეისათვის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჯერ კიდევ გვხვდება სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შემთხვებები, ერთის მხრივ, დისკრიმინაცია შესაძლებელია თემის წარმომადგენელმა სხვა პირის ან უწყების მხრიდან განიცადოს, მაგრამ ამავდროულად შესაძლებელია, რომ ადამიანი საკუთარ თემშივე გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შალალა ამირჯანოვასა და ჰამიდ სადიკოვის შემთხვევები.

ორივე შემთხვევაში თემი მისივე წევრებს განსხვავებული აზრის და შეხედულებების გამო დაუპირისპირდა. ამ ორი ახალგაზრდის განსხვავებული შეხედულებები კი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვებასა და დაოჯახების მიზნით გატაცებას ეხებოდა.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონმა პირველად მოგვცა განმარტება თუ რა არის პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია, რაც მანამდე მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა.

„პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.“
- წერია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონში

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულელმა აქტივისტმა რაშან ზიადალიევმა თქვა, ეთნიკურად აზერბაიჯანული თემი ხშირად დგება სხვადასხვა გამოწვევების წინაშე და ხშირ შემთხვევაში დისკრიმინირებულად თვლიან თავს.

ზიადალიევი განმარტავს, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ენის ბარიერსა და სახელმწიფო ენის შესწავლასაც უკავშირდება, როდესაც სახელმწიფო იმ ბავშვებს, რომლებმაც სკოლაში ვერ მიიღეს ქართულ ენაში სრულფასოვანი განათლება უნივერსიტეტში მოხვედრისას ქართული ენის შესწავლაში ფულს ართმევს.

„როდესაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თავის მოქალაქეებს ასწავლოს სახელმწიფო ენა, მაგრამ სკოლაში არ, ან ვერ ხდება ენის შესწავლა. 1+4 პროგრამის ფარგლებში როდესაც უნივერსიტეტში აბარებენ ეთნიკუი უმცირესობის წარმომადგენელი აბიტურიენტები ისინი მოსამზადებელ კურსზე სწავლობენ მხოლოდ ქართულ ენას და ამაში იხდიან ფულს. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, გერმანიაში ან სხვა სახელმწიფოებში თავიანთი მოქალაქეებისათვის არსებობს სპეციალური პროგრამა უფასოდ. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნები ცდილობენ საკუთარი ენის პოპულარიზებას საქართველოში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამას არ აკეთებ და პირიქით, საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო ენის შესწავლაში ფულს ართმევს“ - გვითხრა რაშან ზიადალიევმა

რაშანის თქმით, პრობლემები ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას არა მარტო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას არამედ სკოლის პერიოდშიც ხშირად ხვდებათ და იხსენებს ერთ-ერთ შემთხვევას, როდესაც N5 საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ ის არა ეთნიკურად აზერბაიჯანელი, არამედ „თათრები“ და „ჩამოსულები“ არიან.

მარნეულელი აქტივისტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებთან ერთად საჯარო დაწესებულებებში გავრცელებულ პრაქტიკაზეც გვიყვება. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები საჯარო სამსახურებში გასაუბრებებზე მისვლისას სწორედ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან და დასაქმებას ვერ ახერხებენ.

როგრც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა და მკვლევარმა მარიამ გაბრიელაშვილმა თქვა, ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ადამიანებისათვის, რომლითაც მათ საკუთარი თავის დაცვა შეუძლიათ, როდესაც მათი გარკვეული ნიშნით დისკრიმინაცია ხდება.

„ანტიდისკრიმინაციული კანონი გულისხმობს, რომ მოწყვლად ჯგუფებს, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები, LGBTQ+ თემის წარმომადგენლები და სხვა, ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას რომ უფორ მარტივად, სწრაფად და რეალური მექანიზმით დაიცვან საკუთარი უფლებები, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ანტიდისკრიმინაციული კანონის. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რაცაა, ანტიდისკრიმინაციული კანონი თავად წარმოშობს დისკუსიას სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციის თაობაზე. მაგალითად, თუ აქამდე საერთოდ არ ვსაუბრობდით ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე, ეხლა გამოჩნდა, რომ როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი დისკრიმინაცია არსებობს ამ ნიშნით და ადამიანები ამაზე ნელ-ნელა იწყებენ საუბარს“ - მარიამ გაბრიელაშვილი ასევე განმარტავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ზრდადია და რაც უფორ მეტი ადამიანი დაიწყებს სხვადასხვა ფორმით დისკრიმინაციის შემთხვევებზე საუბარს, ეს კანონი უფრო მრავალფეროვანი და მოცულობითი გახდება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი და მკვლევარი განმარტავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდე მოქალაქეებს დისკრიმინაციის ფორმებთან დაკავშირებით ძირითადად სამი კანონმდებლობის გამოყენება შეეძლოთ რომლებიცაა, საქართველოს კონსტიტუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია, ასევე პაციენტის უფლებების შესახებ კანონმდებლობა და შრომითი კანონმდებლობა. სწორედ ამ სამართლებრივი ნორმებით უნდა ეხელმძღვანელათ მოქალაქეებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლები გახდებოდნენ, მაგრამ ახლა, მოქალაქეებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენება შეუძლიათ.

რადიო "მარნეული"

მასალა მომზადებულია გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პროექტის "მედიაადვოკატირების კამპანია ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისთვის" ფარგლებში. რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციის მიერ . მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები, მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს საიას ოფიციალურ პოზიციებს



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები