აზერ სულეიმანოვი პარლამენტში საკანონმდებლო აქტების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნის ინიციატივით წარსდგება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აზერ სულეიმანოვი ახალი წლის შემდეგ პარლამენტში საკანონმდებლო აქტების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნის ინიციატივით წარსდგება.

როგორც აზერ სულეიმანოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პარლამენტის მიერ საკანონმდებლო აქტების რუსულ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო აქტები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნოს, რადგან ეს ორი ჯგუფი საქართველოში ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობები არიან.

სულეიმანოვმა ჩვენთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ საკანონმდებლო აქტების რუსულ ენაზე თარგმნა საერთოდ არაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტი რუსულ ენაზე ითარგმნაება.
პარლამენტის აპარატმა 2006 წელს მიიღო დებულება, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტები რუსულ ენაზე ითარგმნება.

მიუხედავად იმის, რომ აღნიშნულ დებულებაში ცვლილებები ხშირად შესულა, მათ შორის 2019 წელსაც, პარლამენტს მასში რუსულ ენაზე თარგმნასთან დაკავშირებული ცვლილებები არ შეუტანია.

რადიო „მარნეული“

Print