#გვარიდამიბრუნე - საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდები გვარიდან რუსული დაბოლოების წაშლას ითხოვენ
#გვარიდამიბრუნე - პლატფორმა „სალამმა“ ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც აზერბაიჯანული გვარებიდან რუსული გავლენის მოხსნას გულისხმობს.

აზერბაიჯანული გვარები, როგორიცაა მამედოვი, ალიევი, გაჯიევი, სულეიმანოვი და სხვა, რუსული გვარებისათვის დამახასიათებელი დაბოლოებით ბოლოვდება, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანულად გვარებს სრულიად განსხვავებული დაბოლოება აქვთ.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პლატფორმა სალამის ერთ-ერთმა წევრმა ქამრანმა თქვა, მათი მრავალი მოთხოვნის მიუხედავად იუსტიციის სახლი ახალგაზრდებს გვარის დაბოლოების შეცვლაზე უარს ეუბნება. ქამრანის ოფიციალური გვარი მამედოვია, მაგრამ მას, როგორც სხვა ახალგაზრდებს, გვარის დაბოლოებიდან რუსული გავლენის გაქრობა და „ოვის“ წაშლა უნდა.

„საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მაგალითად ჩემი გვარი თავის დროზე რუსული გავლენით გახდა მამედოვი, ამის შეცვლის შესაძლებლობა არ არსებობს და რეალურად არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავიბრუნოთ ავთენტური გვარი“ - გვეუბნება ქამრან მამედლი

პლატფორმა სალამის წევრმა ასევე განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო ცდილობს, რომ რუსული გავლენებისაგან განთავისუფლდეს, მაშინ ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაოს და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, რომ გვარის დაბოლოება შეიცვალონ.

პლატფორმის წევრებმა ფეისბუქ გვერდებზე უკვე შეცვალეს თავიანთი გვარები. ასკერლი, გოჯალი, სადიქ, სადიგლი, ეს იმ გვარების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც დღეიდან ფეისბუქზე შეგვხვდება.

„ვუერთდები პლატფორმა #სალამ-ის მიერ დაწყებულ კამპანიას #გვარიდამიბრუნე. პროტესტის ნიშნად Facebook-დან ვშლი ჩემს გვარში არსებულ რუსულ დაბოლოებას. სამწუხაროდ, დღეს ამის გაკეთება იუსტიციის სალხში ოფიციალურად არ შემიძლია. ჩემი გვარია სადიგლი და არა სადიგოვა“ - წერს ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი მინა სადიგლი

ქამრან მამედლიმ რადიოსთან საუბრისას თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროსაგან მიიღო შეთავაზება, რომ დაექირავებინა ისტორიკოსი, რომელიც მისი გვარის წარმომავლობას შეისწავლიდა, რის შემდეგაც გვარის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოსათვის მიმართვა შეეძლებოდა. მაგრამ, აღნიშნული საკითხი აზერბაიჯანელი თემისათვის მაინც პრობლემურია, რადგან თითოეულ ადამიანს, ვინ ამავე მიზეზით გვარის შეცვლას გადაწყვეტს, ინდივიდუალურად მოუწევს სასამართლოსათვის მიმართვა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები