USAID-მა მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტისთვის ჩატარებული კვლევა წარმატებულად შეაფასა
USAID საქართველომ მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნისათვის ჩატარებულ კვლევაზე სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრთან ერთად 150 ახალგაზრდა მოხალისე გადაამზადა, რომლებმაც ბიუჯეტის პრიორიტეტების თემაზე 2 400-ზე მეტი ადგილობრივი გამოკითხეს.

„გამოკითხვა მარნეულის მუნიციპალიტეტის 86 თემში ჩატარდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემა: გზები, სასმელი წყალი და ნარჩენების მართვა. მოგვიანებით გამოკითხვის შედეფები მარნეულის საკრებულოს გააცნეს და სავალდებულო ხარჯები 2020 წლის ბიუჯეტის გეგმაში შეიტანეს. ბიუჯეტში მრავალი ისეთი საკითხი შევიდა, რომელიც გამოკითხვის დროს გამოიკვეთა. მათ შორისაა შულავერის გზის რეაბილიტაცია და სოფელ წერაქვში წყლის ახალი რეზერვუარის მშენებლობა.“ - წერია სტატიაში

გამოკითხვის შედეგები მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა საკრებულოს გააცნო და დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს მათი გათვალისწინებისაკენ მოუწოდა.

„ეს შესანიშნავი მაგალითია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქალაქეებს ხელს უწყობენ დადებითი ცვლილებები შეიტანონ თავიანთ თემში.“ - ვკითხულობთ სტატიაში

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მოხალისე ახალგაზრდების მიერ გამოკითხვის სომხურ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარებაზე, ვინაიდან მარნეულოს მუნიციპალიტეტში ათიდან მხოლოდ ერთი მოსახლეა ეთნიკურად ქართველი.

აღსანიშნავია, რომ მარნეული ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი განხორციელდა.

NDI დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის მთავრობის მიერ და USAID-ის მხარდაჭერით ხუთ მუნიციპალიტეტში (მარნეული, გორი, თელავი, ოზურგეთში და ზუგდიდი) ხელს შეუწყობს მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებას.

როგორც მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტი სრულიად ეყრდნობა ამ და საკრებულოს მიერ ჩატარებულ გამოკითხვას. მერი ასევე აღნიშნავს, რომ გამოკითხვის შედეგად წამოჭრილი ყველა საკითხის მოგვარება 2020 წლის ბიუჯეტით ვერ მოხერხდა, მაგრამ ეს საკითხები მომდევნო წლების ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები